უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრსა და სუს-ს დაევალა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართონ და გაიარონ საკითხები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან უსაფრთხოებას შეეხება.
როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზთან შექმნილი ვითარება განიხილეს.
მისივე ინფორმაციით, სხდომაზე მოხსენებები გააკეთეს შს მინისტრმა და სუს-ის ხელმძღვანელმა.
„ეროვნული უშიშროების საბჭომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, შეხვდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და გაიარონ ყველა ის საკითხი, რითაც შეიძლება მოხდეს მომავალში პრევენცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
იმერლიშვილის თქმით, მინისტრები მომდევნო სხდომაზე წარდგებიან მოხსენებით, რა შეიძლება კიდევ დამატებით გაკეთდეს ამ მიმართულებით.