ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი ორგანიზებით, დღეს ქალაქში დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.
„ჯორჯიან მანგანეზისა“ და მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, „ჭიათურის დასუფთავების პროექტის“ ფარგლებში, პირველი აქტივობა მდინარე ჯრუჭულას ხიდიდან დაიწყეს. ჭიათურის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის სპეციალისტებმა „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებთან ერთად, საავტომობილო გზა და მისი მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს. დილიდანვე გაწმენდით სამუშაოებში ჩართული იყო სპეციალური ტექნიკაც. პროექტის ფარგლებში, დასუფთავების კამპანიას ხვალიდან ე.წ. გადამრეცხი მანქანებიც შეუერთდებიან. ასევე, იგეგმება რამდენიმე იერსახე დაკარგული შენობის აღდგენა. დასუფთავების კამპანიის მიმდინარეობას ჭიათურის ახლადარჩეული მერი, გივი მოდებაძე ადგილზე გაეცნო.
„ჭიათურის მერიამ „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად დაიწყო ქალაქის შემოსასვლელების მოწესრიგება. ხვალიდან უკვე ველოდებით მძლავრ გადამრეცხ ტექნიკას, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ტემპი, რომელიც აღებულია, გაგრძელდება და ჩვენი ჯგუფები იმუშავებენ ყოველდღიურ რეჟიმში. მჯერა, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.