logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ფოთის პორტთან დაკავშირებით საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე...
- +

30 მაისი. 2019. 14:01

 

 

„ფოთის პორტთან დაკავშირებით საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე, დარწმუნებული ვარ, დეტალურად გამოიკვლევენ, სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებულ ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის მიერ გაცემული დოკუმენტის გაუქმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, ანაკლიის პროექტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

 

„იმ შემთხვევაში, თუ არ ვიტყვით, რაზეა საუბარი, საზოგადოებას აუცილებლად შეცდომაში შევიყვანთ და ოპონენტებიც ამას უკვე კარგად იყენებენ. საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე. შესაბამისად, მშენებლობის არანაირ ნებართვაზე ან მით უმეტეს, გარემოს დაცვის ნებართვასა და ქონების მართვის ნებართვაზე საუბარი არ არის. მაგ შემთხვევაში, ყველა საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზეა საუბარი, ამიტომ ჩვენც მოვიკითხეთ, ასე გვეუბნებიან და საჯაროდაც ხმოვანდება ეს ინფორმაცია, რომ ნებართვა ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა გასცა და დღეს ამაზე რეაგირება ის არის, რომ სამსახურიდანაა გათავისუფლებული. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ უფრო დეტალურად გამოიკვლევენ, თუ არადა ამას ჩვენ მოვითხოვთ. აგრეთვე ეს დოკუმენტიც დღეს გაუქმდება. სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა. ანაკლიის პროექტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ეს მთავრობისა და ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა. პოლიტიკურ სპეკულაციებს ჯობია, სხვადასხვა მხარემ, რომელსაც ნაკისრი ვალდებულებები აქვს, შეასრულოს, რათა ეს პროექტი საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.

 

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner