„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება უკრაინის ხელისუფლების უფლებამოსილებაა“,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ყველამ ნახა სააკაშვილის როლი საქართველოსა თუ უკრაინის პოლიტიკაში.
„პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების უფლებამოსილებაა მოქალაქეობის მინიჭება მისთვის და შესაბამისად, ბუნებრივია, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების სისწორეს ვერ შევაფასებ.
რაც შეეხება სააკაშვილის როლს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, არაერთხელ ვნახეთ, რომ უკრაინაში, ასევე საქართველოში მისი როლი, მისი მონაწილეობა საკმაოდ დესტრუქციული იყო ორივე ქვეყანაში. ალბათ, ამ შემთხვევაში ახალი ხელმძღვანელობაც ამ პროცესებს ნახავს. მოქალაქეობის მინიჭება არის თითოეული ქვეყნის კომპეტენცია, შესაბამისად, როგორც უკრაინის პრეზიდენტი გადაწყვეტს, ისე იქნება“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მიმდინარე წლის 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუშინ ჩავიდა.