logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპოზიცია ცდილობს, საარჩევნო ბანერების საკითხს პოლიტიკური ელფერი შესძინოს
- +

30 მაისი. 2019. 14:03

 

 

„თუ არ იციან, როგორ ხდება ნებართვის მიღება პლაკატებისა და ბანერების განთავსებაზე, შეუძლიათ მობრძანდნენ მერიაში და ჩვენი იურისტები სრულყოფილად აუხსნიან ყველაფერს“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრის სანდრო ბარამიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

 

კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ხელოვნურად პოლიტიკური ელფერი შესძინოს საარჩევნო ბანერების განთავსების საკითხს.

 

„არაფერ შუაში არ არის კულტურის სამინისტრო. ისიც ტყუილია, თითქოს მერია ვინმეს ამისამართებს. ყველაფერს აქვს თავისი წესი. ბატონმა შავგულიძემ და ბატონმა ბარამიძემაც ეს ძალიან კარგად იციან. მათ უნდათ, ხელოვნურად, პოლიტიკურად ასწიონ თემა. იციან, რომ დამარცხებულები არიან, განწირულები არიან მარცხისთვის და ცდილობენ, ასეთ თემებს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, მაგრამ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის.

 

საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ძლიერი იურისტი გვყავს და შეგიძლიათ, მათაც ჰკითხოთ, თუ  როგორ გაიცემა ზოგადად ნებართვა პლაკატების და ბანერების განთავსებაზე. თუ არ აქვთ ამის კომპეტენცია, შეუძლიათ, მობრძანდნენ მერიაში და ჩვენი იურისტები სრულყოფილად აუხსნიან ყველაფერს. რეგულაცია არის საკრებულოს დამტკიცებული და იმის შესაბამისად ხდება ბანერების განთავსება“,- განაცხადა კახა კალაძემ

 

ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა სანდრო ბარამიძემ დღეს განაცხადა, რომ შალვა შავგულიძის ბანერების საკითხთან დაკავშირებით მერიას მიმართა. როგორც სანდრო ბარამიძემ განმარტა, გუშინ თბილისის მერიისგან მიიღეს პასუხი, რომ მერიას სჭირდება, საკითხი განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეჟიმში, ამისთვის კი დროს ოთხ ივნისამდე იღებს.

 

„მივმართეთ მერიას ნებართვით, რომ დაგვეკიდა ბანერები. გუშინ მივიდა პასუხი, რომ მერიას დრო სჭირდება საკითხის განხილვისთვის და ამისთვის 4 ივნისამდე ითხოვეს დრო. ეს არის ტიპური შემთხვევა, როგორ შეიძლება კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე საარჩევნო უფლების ნიველირება, დაქვეითება ბიუროკრატიულ ნორმებთან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ რეალურ განსჯას“,- განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

 

„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერია დისკრიმინაციაში 25 მაისს დაადანაშაულა. მაშინ პარტიაში განაცხადეს, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის პარტიის კანდიდატის, შალვა შავგულიძის ბანერები მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა ოთხ მისამართზე: მელიქიშვილის, ბარნოვის, ჭონქაძისა და ასათიანის ქუჩებზე ჩამოხსნეს და გადაწყვეტილება მერიამ თვითნებურად მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner