logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: მოვუწოდებ „ანაკლიის კონსორციუმს“, იმუშაოს დაფინანსების მოძიებაზე
- +

30 მაისი. 2019. 14:37

 

 

„ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტის თაობაზე მთავრობის არც ერთმა წევრმა, შესაბამისად, პირადად არც მე, ვიცოდით“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

ამასთან, მისი თქმით, გაცემული დოკუმენტი არა პორტის მშენებლობის ნებართვა, არამედ მიწით სარგებლობის გარკვეული პირობების დადგენა იყო.

 

„პირველ რიგში, ვწუხვარ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ასეთი სახით შევიტყეთ.  როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ეს ნებართვა არ იყო. ამ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა, არამედ იყო კონკრეტულად მიწის სარგებლობის გარკვეული პირობების დადგენა. თუმცა აღნიშნული პირობებიც, ანუ ბრძანება პირობების თაობაზე  გაიცა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის მიერ და გაცემული იყო ისეთი სახით, რომ მინისტრთან საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა. შესაბამისად, მთავრობის არც ერთმა წევრმა, პირადად არც მე, ამის თაობაზე არ ვიცოდით“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ამასთან, მისი თქმით, საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩენილი იქნა პროცედურული დარღვევები.

 

„გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მოხდა შესწავლა უკვე გუშინ და დღეს ამ საკითხის, როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აღმოჩენილი იქნა პროცედურული დარღვევები. კერძოდ ამ ბრძანების გაცემის პროცესში არ იყო შეთანხმებული ეს საკითხი მიწის მესაკუთრესთან, რომელზეც მათ შორის  მიწით სარგებლობის პირობები იქნა გაცემული, კერძოდ ქონების მართვის სააგენტოსთან. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის მიერ მიღებული იყოს საკადრო გადაწყვეტილება. ამ სსიპ-ის ხელმძღვანელი გათავისუფლდა, ისევე, როგორც მიწით სარგებლობის წესების ბრძანება იქნა გაუქმებული პროცედურული დარღვევის გამო“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

ამასთან, ვიცე-პრემიერი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებასაც შეეხო.

 

„რაც შეეხება „ანაკლიის კონსორციუმისა“ და მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც მათ შორის, სამწუხაროდ, არაერთხელ გვაქვს ნანახი მათი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები, ზოგჯერ და ამ შემთხვევაში ცოტა ნაჩქარევი.

 

ანაკლიის პორტის პროექტს რაც შეეხება, არაერთხელ, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, მთლიანობაში, მთელ სამთავრობო სტრუქტურებს და უნიკალური პირობები ამ პროექტისთვის შექმნილი“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მისი თქმით, არაერთი დათმობის, მხარდამჭერი, ასევე კომპრომისული გადაწყვეტილება იყო მიღებული, რათა აღნიშნულ პროექტის განხორციელებას არავითარი საფრთხე არ შეექმნას.

„ამასთან, გვაქვს ინვესტიციაც ამ პროექტში, უშუალოდ სახელმწიფო აპირებს ამ მიმართულებით 100 მლნ დოლარის ჩადებას, 300 მლნ ლარზე მეტის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას. უკვე 60 მლნ ლარამდე იქნა დახარჯული ამ ნაწილში. როგორც არაერთხელ აღინიშნა პრემიერ-მინისტრის, მთავრობის წევრების,  ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მიერ, ამ პროექტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის, როგორც სტრატეგიული, ასევე უსაფრთხოების, ეკონომიკური უსაფრთხოების, რა თქმა უნდა,  ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

მისი თქმით, სახელმწიფომ ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის  არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის 21 მაისს გამართულ შეხვედრაზეც, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად განიხილეს მათ მიერ საინვესტიციო ხელშეკრულებაში მოთხოვნილი ცვლილებები.

 

მათი მხრიდან მოთხოვნილ პრაქტიკულად ყველა ცვლილებაზე გამოვთქვით მუშაობის თანხმობა. ამ ფონზე კონსორციუმის მხრიდან ასეთი სახის განცხადება, მით უმეტეს, ულტიმატუმისა და შანტაჟის ენით საუბარი, რომელსაც უფრო ემოციურ ფონს ვაბრალებ, როდესაც გუშინ მედიიდან შეიტყვეს ცოტა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ არის ალბათ სწორი დამოკიდებულება სახელმწიფოს როლის, მხარდამჭერის მიმართ“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ანაკლიის პროექტთან მიმართებაში სახელმწიფოს მხარდაჭერა.

 

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას ანაკლიის პროექტთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირველ რიგში, იმუშაოს იმაზე, რომ დაფინანსება მოიძიოს ამ პროექტისთვის, უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომელიც მათ ნაკისრი აქვთ საინვესტიციო ხელშეკრულებით. ჩვენი მხრიდან, სახელმწიფო ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე საინვესტიციო ხელშეკრულებით გვევალებოდა“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.

 

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას - ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner