„საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს მნიშვნელოვანი როლი ყველა იმ დანაშაულთან ბრძოლაში, რომელიც ევროპული ოჯახისთვის საერთო გამოწვევაა“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პროკურორებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პროკურატურა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტია და მის გამართულ მუშაობაზე ბევრი სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ეფექტური მუშაობაა დამოკიდებული.
„თქვენს ისტორიაში განსაკუთრებული პერიოდი იყო 2018 წელი, როდესაც საქართველომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც სრული დამოუკიდებლობის გარანტია მოგცათ. ეს იყო ისტორიული მიღწევა, რომელსაც აფასებს თითოეული ჩვენგანი და აფასებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტური მუშაობა არის ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც სხვა სფეროებში წარმატების მიღწევა თითქმის წარმოუდგენელია. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი გრძნობს. პარალელურად თქვენ გაქვთ სრული მხარდაჭერა იმ გზაზე, რასაც პროკურატურის შემდგომი რეფორმირება და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ჰქვია“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ევროჯასტის“ ხელმძღვანელ ლადისლავ ჰამრანს საქართველოში სტუმრობისთვის და „ევროჯასტსა“ და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება ისტორიულად შეაფასა.
„ქართველმა ერმა გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი და ეს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ეს გზა სავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს ყველაზე ახლო სექტორული თანამშრომლობა ყველა მიმართულებაში, მათ შორის მართლმსაჯულებაში, რათა დავამკვიდროთ უმაღლესი სტანდარტები თქვენთვის – გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა, რომ შემდგარიყო ისტორიული შეთანხმება „ევროჯასტსა“ და საქართველოს შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვითამაშებთ განსაკუთრებულ როლს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დღევანდელ ღონისძიებაზე პროფესიული მოვალეობის წარმატებულად შესრულებისთვის შვიდი პროკურორი დაჯილდოვდა, რომელთაგან ოთხს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა.