„ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტური ფუნქციონირება ქვაკუთხედია. მის გარეშე წარმატების მიღწევა სხვა სფეროებში თითქმის წარმოუდგენელია“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროკურორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი ინსტიტუტის გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ბევრი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტური მუშაობა.
„გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი. თქვენი ინსტიტუტის გამართულ ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული ბევრი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტური მუშაობა. თქვენს ისტორიაში განსაკუთრებული პერიოდი იყო 2018 წელი, როდესაც საქართველომ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც გარანტია მოგცათ სრული დამოუკიდებლობის. ეს ისტორიული მიღწევა იყო, რომელსაც აფასებს თითოეული ჩვენგანი და რომელსაც აფასებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტური ფუნქციონირება ქვაკუთხედია. ამ ქვაკუთხედის გარეშე წარმატების მიღწევა სხვა სფეროებში თითქმის წარმოუდგენელია. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი გრძნობს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ პასუხისმგებლობის პარალელურად, თქვენ გაქვთ სრული მხარდაჭერა იმ გზაზე, რასაც ჰქვია პროკურატურის შემდგომი რეფორმირება და იმ გზაზე, რასაც ჰქვია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა EUROJUST-ის ხელმძღვანელს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და EUROJUST-ს შორის ისტორიული შეთანხმება შედგა.
„მინდა გამოვყო, რომ ეს იყო მეორე ისტორიული თარიღი, როდესაც შეთანხმება შედგა EUROJUST-სა და საქართველოს შორის. ქართველმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი და ეს ცივილიზაციური არჩევანია ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ეს გზა სავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ ამ გზაზე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ყველაზე ახლო სექტორალური თანამშრომლობა ყველა მიმართულებაში, მათ შორის მართლმსაჯულებაში, რომ დავამკვიდროთ უმაღლესი სტანდარტები თქვენთვის, გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის, ყველასთვის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ყველა იმ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, რომლებიც ევროპული ოჯახის საერთო გამოწვევაა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვითამაშებთ ჩვენს განსაკუთრებულ როლს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში. საქართველოს აქვს თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ყველა იმ დანაშაულთან ბრძოლაში, რომლებიც საერთო გამოწვევაა ევროპული ოჯახისთვის“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.