„დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგება პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ხვალინდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ზედამხედველობის ფუნქცია უფრო აქტიურად ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ, რასაც ხედავს ქართული საზოგადოება. ამ შემთხვევაშიც არის ოთხი შეკითხვა დასმული აღმასრულებელი ხელისუფლების და ასევე ცეკსო-ს წარმომადგენლის მიმართ. მათ შორის ერთი შეკითხვა არის დასმული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან.
ველოდებით ძალიან საინტერესო დისკუსიას. არის საინტერესო შეკითხვები დასმული და, რა თქმა უნდა, არამხოლოდ შეკითხვის ავტორებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ამ შეკითხვებზე პასუხების მოსმენა. დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგება პარლამენტში“,- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტში 31 მაისს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, თითოეულ მათგანთან თემატურად სხვადასხვა კითხვებია დასმული.