logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი დაკავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს სამწუხარო ფაქტს უწოდებს
- +

30 მაისი. 2019. 18:10

 

 

„აჭარის პროკურატურის მიერ დაკავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების უმრავლესობას კარგად ვიცნობ, მაგრამ ეს არ განაპირობებს არავითარ შეღავათს, თუ იქ რაიმე გადაცდომაა და კორუფციასთან გვაქვს საქმე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობის მაღალჩინოსნები არ დაუკავებია ოპოზიციას, მთავრობის მაღალჩინოსნების დაკავება მოხდა ხელისუფლების მიერ.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. მათ შორის ბევრს კარგად ვიცნობ, მაგრამ ეს არ განაპირობებს არავითარ შეღავათს, იქ თუ რაიმე გადაცდომაა და კორუფციასთან გვაქვს საქმე. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ექსტრაორდინარულს ამას დავარქმევ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ დაკავებულთა რაოდენობას. რაც შეეხება მიდგომას დარღვევებისა და გადაცდომების მიმართ, ეს არის სტანდარტი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

აჭარის პროკურატურამ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner