ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 341 ათასს ადამიანზე მეტი გარდაიცვალა - შობადობა კი მცირდება...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში (ანგარიში ეხება 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მონაცემებს), საქართველოში გარდაცვლილია 341 236 ადამიანი. ამის შესახებ კვლევის ანალიზი „საქსტატმა“ 2019 წლის 13 თებერვალს გამოაქვეყნა.
ფოტოზე მოცემულია გარდაცვალებულთა რიცხოვნობა წლების მიხედვით:
მონაცემების მიხედვით, გარდაცვალება დაბადებიდან, 0-წლიდან, 85 წლის ზემოთ მაჩვენებლებით განისაზღვრება. 0-იდან 74-წლის ჩათვლით უფრო მეტი მამაკაცია გარდაცვლილი, ხოლო 74-წლიდან 85-ს ზემოთ სიკვდილიანობით ქალები ჭარბობენ. სწორედ ეს უკანასკნელი ასაკია, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტია გარდაცვლილთა მაჩვენებელი.
2018 წელს 1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა ასაკისა და სქესის მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება: გარდაცვლილია სულ 416 ბავშვი, აქედან 246 ბიჭია, 170 კი გოგო. მათი სიკვდილიანობა, ნეონატალური და პოსტნეონატალური მოკვდაობით სახელდება.
„საქსტატის“ ამ მაჩვენებლების მიხედვით, ცალსახად შეგვიძლია ვისაუბროთ დემოგრაფიულ პრობლემებზე, რომელიც უფრო მეტ პრობლემას იწვევს საქართველოში გამრავლების კუთხით და შესაძლოა, სიკვდილიანობა შობადობაზე ჭარბი გახდეს. ყოველწლიურად 5 ათასი ბავშვის დაბადება აჭარბებს გარდაცვლილებს, თუმცა, ეს რიცხვი შესაძლოა უფრო შემცირდეს.
სწორედ ამ საკითხებზე „ნიუსვიკი“ ექსკლუზიურად დემოგრაფ ანზორ თოთაძეს ესაუბრა.
როგორც ანზორ თოთაძე აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში სიკვდილიანობას სულ რაღაც 5 ათასით აჭარბებს შობადობა, და სწორედ ესაა ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების გამომწვევი. დემოგრაფი ასევე აღნიშნავს, რომ შობადობის პრობლემა პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ცუდ ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობასთან.
„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილიანობას ბოლო წლების განმავლობაში, სულ რაღაც 5 ათასით აჭარბებს შობადობა, და სწორედ ესაა ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების გამომწვევი. შობადობის პრობლემა დაკავშირებულია პირდაპირ, ქვეყნის ცუდ ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობასთან. ჩვენი მოსახლეობა ხანდაზმული გახდა და იზრდება ხანდაზმულთა ასაკის წილი, შესაბამისად, ახალდაბადებულების რაოდენობა ვერ ანაცვლებს ხანდაზმულთა რაოდენობას, რომელთა სიკვდილიანობაც იზრდება“, - აღნიშნავს ანზორ თოთაძე.
თოთაძე დემოგრაფიულ პრობლემებს ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, ასევე უკავშირებს რელიგიურ ფაქტორს:
„1980-იანი წლებიდან 2010 წლამდე პოსტსაბჭოთა სივრცეში ქრისტიანების რაოდენობა 14 მილიონით შემცირდა, თუმცა, დააკვირდით მაჰმადიანურ მოსახლეობას, მათი რაოდენობა 24 მილიონით გაიზარდა. ანუ რასთან გვაქვს საქმე? - ეს ნიშნავს იმას, რომ რელიგიურმა ფაქტორმა იმოქმედა, იმიტომ, რომ მათი სარწმუნოება მეტად მოუწოდებს ერს გამრავლებისკენ, ხოლო ჩვენთან რა ხდება? - ქრისტიანობა მხოლოდ უფლის დიდებას მოითხოვს და არა ერის გამრავლებას“, - აცხადებს დემოგრაფი თოთაძე.
„ნიუსვიკის“ მიერ დასმულ კითხვას, რომ საპატრიარქოს და თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ყოველი მესამე და შემდეგ ბავშვს ნათლავს პატრიარქი, იქონია თუ არა ამან ზეგავლენა შობადობის მომატებაზე? - ანზორ თოთაძე პასუხობს:
„არა, სამწუხაროდ, ეს შობადობის მომატებაზე ვერ იმოქმედებს. პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურნენ და მხედველობაში მიიღეს სწორედ მის გარშემომყოფებმა და ვინც ისედაც აპირებდა მესამე და შემდეგი შვილი გაჩენას. შესაბამისად, თუ არ გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებელი, არც შობადობის მაჩვენებელი გაუმჯობესდება ჩვენს ქვეყანაში. მე არანაირად არ ვაკნინებ საპატრიარქოს როლს, უბრალოდ, ეს ის რეალობაა, რასაც მე ვხედავ“, - აღნიშნავს ანზორ თოთაძე.
დემოგრაფმა ასევე გააკრიტიკა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სიკვდილიანობის შესახებ მონაცემების სტატისტიკის გაუქმებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, ანზორ თოთაძე გამოეხმაურა „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძის ინიციატივას - პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ და განაცხადა, რომ შეუძლებელია, ამ ვითარებაში ხელისუფლებამ პენსიები და სოციალური დახმარება გაზარდოს, ვინაიდან ამას დამატებით 2 მილიარდამდე ლარი დასჭირდება.
„2008-2009 წლებში მიხეილ სააკაშვილმა, რომლის დროსაც გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა საჯარო რეესტრს, იცით, რა გააკეთა? გააუქმა სიკვდილიანობის აღრიცხვა. მხოლოდ წიგნები გამოდიოდა მაგ პერიოდში, თუ რამდენი გარდაცვლილი იყო. სააკაშვილი ამბობდა, რომ შობადობა გაიზარდა და შობადობის ბუმიაო. როდესაც სააკაშვილს მიაწოდეს მონაცემები, ეგ დორბლიანი ამტკიცებდა, რომ შობადობა იყო მომატებული. ერთ წელიწადში, ყოველწლიურად „ნაციონალების“ პერიოდში 43-ათასიანი შობადობა 8-9 ათასით გაიზარდა, შემდეგ წელიწადში კი 10 ათასით გაიზარდა და მიაღწია 63 ათასს. მთელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ წელიწადში 1 ათასითაც კი რომ გაზრდილიყო შობადობა, ამან კი ერთ წელიწადში 8-9-10 ათასით გაზარდა მაჩვენებელი. მთლიანად არიეს მონაცემები. ძლივს დავალაგეთ მონაცემები. ახლა ეს ვაშაძე პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე რომ ლაპარაკობს, ის არის უვიცი კაცი. ხალხსაც დაუღია პირი და სჯერა მისი ლაპარაკის. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, საერთოდ დაცურებული აქვს და ეგენი სულ იტყუებიან. ღარიბ ქვეყანას არ შეუძლია, 400 ლარამდე რომ გაზარდოს პენსია, ეს უნდა მოაკლოს სხვა საჭიროებებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტს დამატებით 2 მილიარდი ლარი სჭირდება“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.
ავტორი: ბაჩო ტურაშვილი