„როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, მინდა, გამოვეხმაურო ფოთში, ვითომდა პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს. როგორც ყველამ შევიტყვეთ, რაღაც ტიპის ტექნიკური ნებართვა გაცემულია ხარვეზებით. შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აღნიშნული დოკუმენტი გაუქმდა“,- ამის შესახებ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია სოციალურ ქსელში წერს.
„მიუხედავად ამისა, ჩემთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ფოთის პორტის განვითარებისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მიმართებაში. პირველ რიგში, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ ფონზე, აბსოლუტურად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რაც ფოთის ნავსადგურთან მიმართებაში ხელოვნურად ატყდა. ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას. ფოთში მცხოვრები ადამიანებისათვის, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის, ფოთის ნავსადგურის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია. არა მგონია, ვინმეს შეეძლოს იმის ახსნა, თუ რა არის იმაში ცუდი, რომ ფოთში 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს. თუ მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქვს ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივი?! რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამ ექსკლუზივს ითხოვდნენ, თუმცა, სახელმწიფოსთან ამ ტიპის შეთანხმება არ აქვთ“,- წერს ხახუბია.