logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი - 7%-იანი სესხი ლარში, თქვენს დროს იყო 21%
- +

31 მაისი. 2019. 14:12

 

„ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით და არა საბანკო რეგულაციები“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის კითხვას პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, საბანკო სფეროში არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები.

 

„ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით და არა საბანკო რეგულაციები. მოდი, ყველამ კარგად გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ჩემი ინიციატივები ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე მთავრობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივები შემდეგში მდგომარეობდა: პირველი - დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700- და 800-პროცენტიანი სესხები საქართველოში, ის უსამართლო თამაშის წესები, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ. მეორე - ყოფილიყო ჯარიმებსა და საურავებზე მაქსიმალური ზღვარი, რომ ადამიანს სახლი არ დაეკარგა ამის გამო. შემოვიდა ზღვარი 200 000 ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება, რომ ყოფილიყო რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი - 7-პროცენტიანი სესხი ლარში. მინდა შეგახსენოთ თქვენს პერიოდში საპროცენტო განაკვეთი რამდენი იყო? 21 პროცენტი, გაიხსენეთ, სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები.

 

რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო - არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები. მე სამსახიობო ნიჭში, სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან, ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, თუ გაქვთ შინაარსობრივი შეკითხვები“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მამუკა ბახტაძეს დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. ერთ-ერთი კითხვა, რომლითაც ოპოზიციამ მიმართა პრემიერ-მინისტრს, სწორედ საბანკო სექტორს ეხებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner