ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტმა ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში, სახელოვნებო და სპორტულ კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ 70-მდე მოსწავლეს თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი შეხვდა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და ღასან ხალილმა - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
„დღევანდელი ღონისძიებით, გვინდა ოლიმპიადებში და სხვადასხვა შეჯიბრებებში გამარჯვებული ბავშვები წავახალისოთ, რომ სხვა ბავშვებმაც მიბაძონ მათ და მომავალი თაობა იყოს განათლებული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
მისი ინფორმაციით, 2 დღის წინ პარლამენტმა კენჭი უყარა „ბავშვის უფლებათა კოდექსს“, რომელიც საქართველოს ბავშვებს თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს, იყონ რეალიზებულები, წარმატებულები და განვითარებულები.
მოსწავლეებს მიმართა ღასან ხალილმა: „UNICEF“-თვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით იმ მიღწევების რეალობად ქცევა, რომელიც ბავშვთა უფლებებს უკავშირდება. დღევანდელი დღე ეკუთვნის ყველა ბავშვს. მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ თქვენი მისწრაფებების, ყველა სურვილების განხორციელება“.
ბავშვებს მწერალი გურამ დოჩანაშვილი მიესალმა. მან მოზარდების კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.
„თქვენი კეთილგანწყობა დიდ ძალას მაძლევს. ეს მარტო სიხარული არ არის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მომავალი თაობა ჩვენზე უკეთესი რომ იყოს, ამაში თუ მცირე წვლილი შევიტანე, ეს უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის“,- მიმართა დამსწრე საზოგადოებას მწერალმა.
დღესვე ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ქუთაისის მერიის სახელით, გურამ დოჩანაშვილს ქუთაისის საპატიო მოქალაქის სერტიფიკატი და პრიზი გადასცეს.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს სამახსოვროდ, გურამ დოჩანაშვილის წიგნები გადაეცათ და საშუალება მიეცათ პლენარული სხდომის მიმდინარეობას გაცნობოდნენ.