ზოგიერთი ანალიტიკოსის მოლოდინი იმის თაობაზე, რომ 19 მაისის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყებოდა, არ გამართლდა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობა ზუსტად ისეთია, როგორიც შუალედურ არჩევნებამდე იყო ანუ „ქართული ოცნება“ სახელისუფლებო სადავეებს მყარად ინარჩუნებს, გაერთიანებულ ოპოზიციას, უფრო სწორად, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, ისევ იმის პრეტენზია აქვს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა და, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ფალავანმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში არჩევნები წააგო, უაპელაციოდ აცხადებს, „ოცნების“ შეცვლა მხოლოდ მე შემიძლიაო.
ისე, ნაციონალებს და სხვებსაც ჰქონდათ ერთგვარი წინათგრძნობა, რომ სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლება მოქმედ მმართველ გუნდს დაამარცხებდა, მაგრამ ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. რატომ ვერ გახდა სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი, მართლა გააყალბა „ოცნებამ“ არჩევნები თუ 19 მაისს ჩვეულებრივი პოლიტიკური ფარსი გათამაშდა, ფარსი, რომელიც სააკაშვილის ფანკლუბის წევრებზე იყო გათვლილი? - ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხებიც ადამიანებს ანუ მათ, რომლებიც პოლიტიკის კულუარებში არ ერკვევიან, ყველაზე მეტად აინტერესებთ, თუმცა სანამ ამ კითხვებზე მეტ-ნაკლებად არგუმენტირებულ პასუხების გაცემას შევეცდებით, მოდით, ამბის თხრობა ბოლოდან დავიწყოთ.
ეს „ბოლო“ კი ის გახლავთ, რომ შუალედური არჩევნებიდან ზუსტად ორი დღის შემდეგ, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. სხვადასხვა თემასთან ერთად, კვლევა იმის შესახებაც იძლევა პასუხს, საქართველოში მოქმედი პარტიებიდან მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს რომელი დგას.
„რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ _ ეს კითხვა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მკვლევარებმა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით დაუსვეს.
გამოკითხულთა უმრავლესობამ - 37%-მა განაცხადა, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
21% ამბობს, რომ ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 15% - „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 4% - „ევროპულ საქართველოს“.
ასევე, გამოკითხულთა 3% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „პატრიოტთა ალიანსი“ დგას.
6% ამბობს, რომ ან არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა.
სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია“, - იუწყება სამაუწყებლო კომპანია „რუსთვი 2“.
სხვათა შორის, ეს ტელევიზია იგივე ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების მთავარი ფლაგმანი იყო ანუ სამეგრელოში მთელი ტელევიზიის ბირთვი ჩავიდა და აქედანაც ნათლად გამოჩნდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციისთვის ამ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება ერთგვარად ღირსების ტოლფასი გახლდათ.
ისე, თუ ღირსებაზე მიდგება საქმე, ამ მხრივ სენსიტიური არც „ოცნება“ იყო, რადგან თუ ისე მოხდებოდა, რომ ზუგდიდის თავზე ოპოზიციური დროშა აფრიალდებოდა, ეს მმართველ გუნდზე, უფრო მეტად, მის მხარდამჭერებზე მორალურად იმოქმედებდა და „ოცნება“ პოლიტიკური დეპრესიის პირისპირ აღმოჩნდებოდა.
სხვათა შორის, არჩევნების წინა საღამოს, „ოცნებისტები“ სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ თუ სანდრა რულოვსი გახდებოდა ზუგდიდის მერი, მაშინ მთელი მერია ნაციონალებით გაივსებოდა და იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იბრძოდნენ, სახლებში მიაბრძანებდნენ. ამ სოციალური აქტივობიდანაც ჩანდა, რომ დამარცხებისთვის მეტ-ნაკლებად „ოცნებაც“ ემზადებოდა, რაც შესაძლოა, იმ პროპაგანდისტული ფონის შედეგიც იყო, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ შექმნა. კერძოდ, მხედველობაში ის გვაქვს, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ამ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები და აქტივისტები აცხადებდნენ, „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მივცემთო. 19 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ სანდრას შტაბმა ზუგდიდში 5 ათასამდე დამკვირვებლის მობილიზება მოახდინა, ანუ ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ხელისუფლება, ძალიანაც რომ მოენდომებინა, არჩევნებს ვერ გააყალბებდა.
გაყალბდა თუ არა ზუგდიდის არჩევნები? - ამის შესახებ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ანუ შესაძლოა, ცალკეული დარღვევები იყო და არც ის არის გამორიცხული, რომ ამა თუ იმ უბანზე რაღაც ისეთი მოხდა, რაც დემოკრატიისგან ძალიან შორს არის, მაგრამ მაგალითად, ოქმები რომ არ გადაწერილა, ამაზე განცხადება არც თავად ოპოზიციას გაუკეთებია.
ნაციონალები მარტო იმას ამბობენ, რომ „ოცნებამ“ ზუგდიდში არჩევნები კი არა, არამედ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომ ხალხი დააშინა და ასე შემდეგ. ზოგადად, ცნობილია, რომ არჩევნები მაინცდამაინც ხმის მიცემის დღეს არ ყალბდება, მაგრამ რამდენიმე ფაქტის გარდა, არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც ნათელი გახდება, რომ შუალედური არჩევნები 19 მაისამდე გაყალბდა და შეშინებულმა ხალხმა სანდრა რულოვსს ხმა იმის გამო არ მისცა, რომ შემდეგ, „ოცნებას“ მასზე შური არ ეძია.
ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აწ უკვე ზუგდიდის მერი, გეგა შენგელია ადგილობრივ მოსახლეობაში არცთუ პატარა ავტორიტეტით სარგებლობს და ამას, სხვათა შორის, ოპოზიციაც აღიარებს. აი, მაგალითად, არჩევნების წინა დღეს, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში პირდაპირ განაცხადა, რულოვსი და შენგელია თითქმის თანაბრად მიდიან და შესაბამისად, იმის თქმა, თუ რომელი მივა ფირნიშთან, გაჭირდებაო.
ერთი სიტყვით, ყველა ხვდებოდა, რომ ზუგდიდის არჩევნებში სანდრა რულოვსი უპირობო ლიდერი არ იყო. ამიტომაც, „ანტინაციონალები“ იმთავითვე უშვებდნენ მეორე ტურის ალბათობას. სხვათა შორის, მეორე ტურზე საუბარი, თავად ქალბატონმა კანდიდატმაც დაიწყო და საარჩევნო უბნების დახურვიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ განაცხადა, პირველივე ტურში შენგელიას გამარჯვებას არ შევეგუები, აი, მეორე ტურისთვის კი მზად ვარ და ბოლომდე ვიბრძოლებო.
საერთოდ, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სანდრა რულოვსის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ნაციონალურ მოძრაობაში დიდი არეულობა გამოიწვია და ყველაფერი ეს პირდაპირ ეთერში მოხდა ანუ სანდრამ თქვა, რომ სოფელ-სოფელ დაიწყებდა სიარულს და თუ საჭირო გახდებოდა, ივანიშვილის წინააღმდეგ იარაღსაც აიღებდა.
ჩვენში დარჩეს და, ამ განცხადებაზე შესაბამის ორგანოებს, წესით, რეაგირება უნდა მოეხდინათ, რადგან იარაღის ხელში აღება, პრინციპში, ძალადობისკენ მოწოდებაა, მაგრამ მსჯელობა ახლა ამ კუთხით არ გავაგრძელოთ და ნაციონალებში დაწყებულ შიდა ომს დავუბრუნდეთ.
მოკლედ, სანდრას ამ განცხადების შემდეგ, „რუსთავი 2“-ზე ნიკა მელია გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მელია 19 მაისს, ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც კენჭს, ასევე იყრიდა ოპოზიციის კანდიდატი და მელიას ზუგდიდში არყოფნა, შესაძლოა, ამით აიხსნას, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე, ზუგდიდის მერობის კანდიდატად სწორედ მელია განიხილებოდა, თუმცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ „პლასტინკა ამოატრიალა“ და მერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის მეუღლე დაასახელა. მაშინ კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ამის გამო, მელია თითქოს განაწყენდა. სხვათა შორის, 19 მაისს, „განსხვავებული აქცენტების“ თანაწამყვანმა, ეკა კვესიტაძემ ზუსტად ეს ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, მელია, შესაძლოა, ნაწყენი იყოსო.
ცხადია, არც უამისობაა, მაგრამ ძაღლის თავი მაინც სხვაგან უნდა იყოს დამარხული ანუ დიდი ხანია კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შიდა ბანაკებად არის დაყოფილი. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მაგალითად, გიორგი ვაშაძეს ცალკე ბანაკი აქვს, ასევე ცალკე მოთამაშედ ითვლება ნიკა მელია. სააკაშვილის ბანაკად კი კობა ნაყოფია და სხვა დანარჩენები ასოცირდებიან.
რაც შეეხება იმ უთანხმოებას, რომელიც 19 მაისს, არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაში, როგორც აღვნიშნეთ, საარჩევნო უბნები დაიხურა თუ არა, სანდრა რულოვსმა მძაფრი განცხადება გააკეთა.
„ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი, სოფელ-სოფელში, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ არ იცით, რა გელოდებათ, მე არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ, რადგან მე მზად ვარ, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე მზად ვარ, მე არ ვხუმრობ“, - ეს სიტყვები სანდრამ საარჩევნო უბნების დახურვიდან, რამდენიმე საათის შემდეგ თქვა.
სწორედ ამას მოჰყვა ნიკა მელიას აღშფოთება და რულოვსი ისე, რომ მისი სახელი არც უხსენებია, წინდაუხედაობაში ამხილა.
„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს…
ყველა გუნდი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად ხდება, მარცხისთვის არის განწირული… არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის მთავარი, მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. ამის შემდეგ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. აქ არაფერი სკანდალის შემცველი, ნამდვილად არ არის.
ისე არაფერი იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება. სულ თავისუფლად შეგვეძლო, რომ ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა, არ ვიცოდით, რომ შუალედური არჩევნები იყო? ზესტაფონში, ან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მიგვეღო, ვინ გვეტყოდა, რატომ არ მიიღეთო?.. მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს. მტკიცებულებები უნდა დავდოთ. 5 ათასი დამკვირვებელი ვართ და ხმებს ზუგდიდში ვერავინ გაგვიყალბებსო, ახლა რომ გამოვალთ და ვიტყვით, რომ გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ. ეს დათვური სამსახურია“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
სანდრასა და მელიას ფარულ ომს მყისიერად მოჰყვა სააკაშვილის რეაქცია. მართალია, მას მელია არ დაუსახელებია, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა, რომ მიშა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ლიდერზე საუბრობდა ანუ სააკაშვილმა თქვა, რომ თუ ვინმეს წინ წასვლა არ შეუძლია, მაშინ სხვასაც ნუ შეუშლის ხელს და ისინი გაატაროს, ვისაც გვჯერაო.
ერთი სიტყვით, 19 მაისს, საღამოს, თვალნათელი გახდა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილებაა.
„იქცა თუ არა შუალედური არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილების ვაშლად? იყო თუ არა პარტიაში ბზარი აქამდე და სანდრა რულოვსმა ის კიდევ უფრო ხილული გახადა? თუ 19 მაისს გაჩნდა ბზარი? - შუალედური არჩევნების მეორე დღეს, ანალიტიკოსებისათვის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ აღმოჩნდა რთული. ვარაუდი, რომ ნაციონალური მოძრაობა, შესაძლოა, კრიზისის წინაშე იდგეს, მათი თქმით, რეალურია. ექსპერტთა აზრით, სანდრა რულოვსი და მის უკან მდგომი მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალურ მოძრაობას აქილევსის ქუსლად ექცა.
მიხეილ სააკაშვილის ნეგატიურ ფაქტორსა და პარტიაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მიუთითებდნენ ანალიტიკოსები. მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა, ანალიტიკოსების აზრით, ეს იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მისი დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდებების გამო, რაც მათი თქმით, საზოგადოებაში აჩენდა არეულობის განცდასა და შიშს.
2018 წლის შემოდგომაზე, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ, გაერთიანებული ოპოზიცია და საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე არ დაემორჩილა. სწორედ მაშინ გაჩნდა კითხვები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული რეალური ბზარის შესახებ“, - ესაა ამონარიდი „რადიო თავისუფლების“ სტატიიდან, რომელიც მიმდინარე წლის 20 მაისით თარიღდება.
სხვათა შორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ მელიასა და სააკაშვილს შორის გაჩენილი ბზარის გადაფარვა სცადეს გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებმა. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთმა მათგანმა თქვა, სანდრას განცხადება ემოციურ ნიადაგზე იყო გაკეთებული, თორემ ის, რომ საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს, ნათელია და ამას მხარს თითოეული ჩვენგანი ვუჭერთო.
მოგვიანებით, მომხდარზე საუბარი აღარ ისურვა თავად სანდრამაც. სამაგიეროდ, საპროტესტო აქციების შესახებ, მან არჩევნების მეორე დღესაც ისაუბრა:
„უნდა დაგვანებოს თავი იმიტომ, რომ მისი მოქმედება და მისი ე.წ. მმართველობა, არის უკვე ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები იმიტომ, რომ არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს, სოფელსა და ქალაქს. ყველანი ერთად, ხელი-ხელჩაკიდებული უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყნიდან. მე ამ ბრძოლაში არ ვარ მარტო“.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის დაიწყება საპროტესტო გამოსვლები, რულოვსმა თქვა, რომ უკვე დაწყებულია.
ჟურნალისტებმა სანდრას თანაპარტიელის, ნიკა მელიას განცხადების შეფასებაც სთხოვეს, თუმცა სააკაშვილის მეუღლემ „თავი შორს დაიჭირა”, ნიკას განცხადება არ მომისმენია, რადგან ინტერვიუების მოსმენაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდაო.
„ყველას თავისი აზრი აქვს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არის დაკარგული, რადგან ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება“, – აღნიშნა რულოვსმა.
სხვათა შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ ნაციონალებში განხეთქილება მწიფდებოდა, ჯერ კიდევ ზამთარში გავრცელდა. კერძოდ, მაშინ ჩვენი გაზეთი წერდა:
„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ ცდილობს, ქართველი ემიგრანტებისგან „ძლევამოსილი“ არმია შეკრას, საქართველოში, საკუთარ პარტიაში, პოზიციებს სულ უფრო და უფრო კარგავს. როგორც ჩანს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ნაციონალურ მოძრაობაში ბევრ ლიდერს გაუღვიძა იმედი იმისა, რომ მათ მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებლადაც შეუძლიათ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ.
ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ამ თემაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ პარტიის ცალკეული ლიდერები ხშირად აგდებულად მოიხსენიებენ მიხეილ სააკაშვილს და მას, ზოგი დაცინვით „სკაიპასაც“ კი ეძახის. თუ ამაზე ადრე მხოლოდ ვიწრო წრეში საუბრობდნენ, ამჟამად ღიად საუბარსაც აღარ ერიდებიან.
მიხეილ სააკაშვილის ერთგული პარტიის წევრები სწორედ ასეთ განწყობაში ადანაშაულებენ ნიკა მელიას, რომელიც ახლა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა და სულ უფრო მეტად ცდილობს, მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს. ისე, მელიას მიმართ პრეტენზიები ნაცებს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ, როცა მან ეს პარტიული პოსტი დაიკავა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელების დარწმუნება შეძლო, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ევროპულ საქართველოსთან პოლიტიკური ბატალიები ელოდათ. როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის მიერ მიღებულმა შედეგებმა ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და ნაცებსაც მეტი ამბიციის საფუძველი მისცა.
როგორც პარტიის კულუარებში ამბობენ, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ უთხრა ნაცმოძრაობის ლიდერებს _ ნიკა მელიას, გრიგოლ ვაშაძეს, გიორგი ბოტკოველსა და ზურაბ მელიქიშვილს, რომ მას არ აინტერესებდა პარლამენტის დეპუტატისა თუ მერების შუალედური არჩევნები სხვადასხვა ქალაქებში თუ რაიონებში, თუმცა ნიკა მელია დაჟინებით ითხოვდა, რომ პარტიას გაზაფხულზე, ზუგდიდის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურა დაეყენებინა. როგორც გვიამბობენ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისგან ითხოვდა სრულ მხარდაჭერასა და ფინანსების გამოყოფას, რაზეც მიხეილ სააკაშვილისგან მკვახე პასუხი მიიღო, რომ მას ფეხებზე ეკიდა ზუგდიდის არჩევნები, მაგრამ თუ პარტია მაინც გადაწყვეტდა მონაწილეობას, ამ შემთხვევაში, ნაცების კანდიდატი იქნებოდა მისი მეუღლე _ სანდრა რულოვსი, თავადაც აქტიურად ჩაერთვებოდა კამპანიაში, რა თქმა უნდა, ისევ „სკაიპის“ საშუალებით, ხოლო ფინანსებს კობა ნაყოფია გაიღებდა.
სხვათა შორის, ის ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, ნაცმოძრაობამ, შესაძლოა, სანდრა რულოვსის კანდიდატურა დააყენოს, ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა და „ვერსიასთან“ საუბარში ნაციონალები არც უარყოფდნენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა. ახლა კი ირკვევა, რომ ნიკა მელიამ სანდრა რულოვსის მხარდაჭერაზე კატეგორიული უარი განაცხადა. პარტიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ცივი წყალი გადაასხა ნიკა მელიას, მისი მხრიდან სააკაშვილის მიმართ საუბრის ტონი შეიცვალა. თავის მხრივ, არც მიხეილ სააკაშვილი კარგავს დროს. იგი ცდილობს, ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძით ჩაანაცვლოს და ერთგულ მხარდამჭერებს იმასაც კი ეუბნება, რომ ნიკა მელიას პარტიიდან წასვლა „ფეხებზე ჰკიდია“.
ამბობენ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელიასთან ერთად, არც ამჟამად პატიმრობაში მყოფ დავით კირკიტაძეს სწყალობს. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ კირკიტაძეს „გმირად“ და „ლიდერად“ მოიხსენიებს, ვიწრო წრეში, ლიეჟში ჩასულ მომხრეებს ისიც კი უთხრა, რომ დავით კირკიტაძემ თავი დააჭერინა, რომ ის შეკრულია ხელისუფლებასთან და „შეიტყაპუნა“ არჩევნებზე ათასობით დოლარიო. ისე, სააკაშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია. პოლიტიკური ინტრიგების მასტერ-კლასი ხომ მან ჯერ კიდევ მაშინ ჩაატარა, როცა ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფი აიძულა პარტიიდან წასულიყვნენ და შემდეგ ყველაფერი კეზერაშვილსა და უგულავას „შეტენა“.
ნაციონალები ამბობენ, რომ სიტუაცია ჯერ-ჯერობით არაპროგნოზირებადია, რადგან არავინ იცის, რა ნაბიჯს გადადგამს მიხეილ სააკაშვილი. ელოდებიან, რომ ნიკა მელია მალე, ალბათ, ცალკე ფრონტს გაუხსნის მიხეილ სააკაშვილის ფავორიტ ლევან ვარშალომიძეს და ნაცმოძრაობიდან მის კიდევ უფრო დისტანცირებას შეეცდება. ეს კი კიდევ უფრო შეამცირებს მიხეილ სააკაშვილის გავლენას პარტიაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გავლენებისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გამწვავდება, რაც გრიგოლ ვაშაძის გალიდერების შემდეგ, მოსალოდნელიც იყო. მოკლედ, სანამ მიხეილ სააკაშვილი გარეთ ალაგებს, შიგნით უფრო და უფრო ირევა”.
დღევანდელი მოცემულობა ნათელყოფს, რომ „ვერსიის“ ზემოხსენებული პროგნოზი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლით თარიღდება, ახდა ანუ ექს-მმართველ გუნდში გაჩენილი ბზარი უკვე დიდ უფსკრულად გადაიქცა. ამ ფონზე არ უნდა იყოს მოულოდნელი, თუ პოლიტსაბჭოს მდივანი პარტიას დატოვებს. მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, რა ელის გაერთიანებულ ოპოზიციას? _ ამის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნების შემდეგ, ყოფილ მმართველ პარტიაში, სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილება თანდათან იზრდება და ყველაფერმა ამან ახლა, როგორც ჩანს, კულმინაციას მიაღწია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ ბევრი სახე იმის მომხრეა, რომ ექსპრეზიდენტი პარტიის საქმიანობაში აღარ ჩაერიოს, რადგან მისი აქტივობები მოგებაზე კი არა, უფრო წაგებაზეა ორიენტირებული. ზოგადად, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ მიშას ხმაურიანი განცხადებები წყალს „ოცნების“ წისქვილზე ასხამს და ეს მოსაზრება განსაკუთრებით პოპულარული „ნაცმოძრაობის“ რიგით წევრებსა და აქტივისტებშია.
ისე, 2012 წლის შემდეგ, არეულობასა და რევოლუციაზე მიხეილ სააკაშვილს განცხადება არაერთხელ გაუკეთებია. უფრო მეტიც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ისიც თქვა, რომ სამშობლოში ზღვით დაბრუნდებოდა, მაგრამ მიშა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ამიტომაც, ზოგს უჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი ეს პოლიტიკური ფარსია, ფარსი, რომელიც ექს-მმართველს პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდება. იქნებ, მართლაც ასეა - პოლიტიკაში ხომ ძალიან ბევრი შავ-ბნელი ხვრელია და ჩვენ, რიგითმა მოკვდავებმა არ ვიცით, ამ ხვრელების მიღმა რა ხდება.