„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირეს ეროვნულ იდეას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, დასკვნით სიტყვაში.
მთავრობის მეთაურმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, დადგნენ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა და მხარი დაუჭირონ ეროვნულ იდეას.
„ორი დღის წინ ამ დარბაზში ძალიან მნიშვნელოვან კანონმდებლობას ეყარა კენჭი. ეროვნულ იდეას - განათლებას. მე მსურს ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ამავე დროს გითხრათ, რომ ეს იყო საკითხი, რომელზეც მქონდა იმედი, რომ შეძლებდით და გამოხვიდოდით ვიწროპარტიული ინტერესების ჩარჩოდან. ეს ეხება ყველას, როგორც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, ისე პარლამენტს გარეთ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირეს ეროვნულ იდეას, განათლებასა და საქართველოს მომავალს. მე მინდა ყველა მასწავლებელმა, მოსწავლემ, მათმა მშობლებმა, პროფესორებმა, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ბიუჯეტის მეოთხედის გამოყოფას განათლებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ბატონო რომან, თქვენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელი, იყავით ერთადერთი, რომელიც წახვედით წინააღმდეგ. თქვენ გაქვთ მეორე შანსი, რომ მეორე და მესამე მოსმენაზე მიიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროთ საქართველოს მომავალს. იმ მომავალს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავძლიოთ ყველაფერი ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ყველას მოვუწოდებ, დადგეს ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა. დადგეს იქ, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებია. მხარი დავუჭიროთ ეროვნულ იდეას, განათლებას, საქართველოს მომავალს და ერთიან წელში გამართულ საქართველოს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პარლამენტმა დღეს ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინა.