პარლამენტის წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბაურჟან მუხამეჯანობს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ქვეყნებს ერთმანეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება აკავშირებთ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებებზე, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურისტული სფეროების განვითარებას უკავშირდება.
შეხვედრაზე გიგი წერეთელმა, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, წინა წელს ყაზახეთის დედაქალაქში ქვეყნის ხელისუფლების პირველ პირებთან გამართული შეხვედრების მნიშვნელობა მიმოიხილა. პარლამენტის წევრი ყაზახეთში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ყაზახეთი ძველი და ტრადიციული წევრია. მან არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს და კონფერენციას უმასპინძლა და ახლა ქვეყანა ახალი ისტორიული პერიოდი უდგას, რაც ახალი პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირდება. ყაზახეთის დიპლომატს გავაცანი ის ძირითადი მოსაზრებები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ეუთოს გააჩნია და გამოვთქვი სურვილი, რომ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც პირველად ტარდება, მაღალი სტანდარტების და პროცედურების დაცვით ჩატარდება“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.