„კითხულობთ, რატომ უზრდის მთავრობა მასწავლებელს ხელფასს?! კიდევ გაეზრდება“,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ დღეს პრემიერისთვის დასმულ კითხვას ხელფასებთან დაკავშირებით.
„ბატონო მამუკა! ამ ხალხთან ერთხელ თქმა და შემდეგ მინიშნება, რომ წაიკითხონ, არ კმარა! ერთხელ და ორჯერ ნათქვამი კი არა, რაც იციან მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმასაც უკუღმა ლაპარაკობენ. მივუთითებ ბატონ ირაკლის. თუ მშპ-სთან დაკავშირებით ითვლით ერთი ადამიანის ხელფასს და იქაც სპეკულირებთ და იქაც იტყუებით, 25 და 30%-იან შემცირებაზე, მშპ-თან მიმართებაში რატომ არ ითვლით და იმავე ლოგიკას არ მიჰყვებით მთლიან თანხასთან დაკავშირებით? 2012 წელს საერთოდ არ იყო შესაძლებელი, რაიმე ციფრზე გველაპარაკა, იმიტომ რომ არ იყო ამის აღრიცხვა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ და მხოლოდ 2013 წლიდან. 2013-ში ხელფასები მთლიან შიდა პროდუქტთან იყო 5.6%, დღეს არის 4.5%. შტატიანი თანამშრომლების ხელფასები იყო 5.2%, დღეს არის 3.9%. 2013 წელს 17.4% იყო შტატგარეშე თანამშრომლების ჩათვლით, ხელფასები მშპ-თან მიმართებით, დღეს არის 13.5%. აქვე დავაზუსტებ, რომ შტატიანი თანამშრომლების ხელფასები იყო 15.8%, დღეს არის 11.7%. ეს არის სიმართლე, რომელიც თქვენ არ გაინტერესებთ. თქვენ და ნებისმიერი პარლამენტარი საყვედურებს უნდა იძახდეთ იმაზე, ვიღაცებს რომ არ ეზრდებათ ხელფასი. ვიღაცას ხელფასი რომ ეზრდება, ამაზე როგორ ლაპარაკობთ? ცუდია ეს? რას ვსაყვედურობთ ახლა მთავრობას - რატომ გაუზარდა პოლიციელს ხელფასი?! რატომ უზრდის მასწავლებელს ხელფასს?! კიდევ გაეზრდება. მე გეუბნებით, რომ საჯარო მოსამსახურეებს კიდევ გაეზრდებათ ხელფასი და მალე უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ღირსეული ხელფასები ჰქონდეთ საჯარო მოხელეებს და არ იხედებოდეს ეს ხალხი კერძო სექტორისკენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ.