ვილნიუსში გამართული შეხვედრებისა და ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ლიეტუველი კოლეგების ინიციატივები ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში კიდევ უფრო დაეხმარება. მისივე შეფასებით, კონფერენცია პარტნიორებთან საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ საუბრისთვის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იყო.
„ლიეტუვაში ვიზიტის დასასრულს, მონაწილეობა მივიღეთ ბალტიის ქვეყნების ასამბლეის შესაბამისი კონფერენციის მუშაობაში. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ვისაუბრეთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუდმივი წინსვლა გვაქვს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, უვიზო რეჟიმი, DCFTA-ს ხელმოწერა - ეს კონკრეტული, ხელშესახები შედეგებია. თუმცა, გვაქვს საბოლოო ამბიციური მიზანი და ეს მიზანი არის ევროინტეგრაცია. ჩვენი მიზანია, ახლო მომავალში მივიღოთ მკაფიო განცხადება ევროპული პერსპექტივის თაობაზე. ამას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და დღეს ერთ-ერთი ასეთი საშუალება გვქონდა. იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ის კონკრეტული ნაბიჯები იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.