logo_geo
eng_logo
ლევან ვეფხვაძე: ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ერთი კაცი აღარ იღებს და ბიზნესს ხელისუფლების ყველა შტოსთან უწევს კომუნიკაცია
- +

31 მაისი. 2019. 18:50

 

„საქართველოში ბოლო რამდენიმე წელიწადში გადაწყვეტილებას ერთი და ორი კაცი აღარ იღებს, შესაბამისად, ბიზნესს კომუნიკაცია ხელისუფლების ყველა შტოსთან სჭირდება, რაც მოლაპარაკების პროცესს ართულებს, თუმცა აჯანსაღებს“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

გადაცემაში ბიზნესასოციაციის მენეჯმენტში ცვლილებების საკითხი და ახალი გამოწვევები განიხილეს. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე და გადაცემის თანაწამყვანი ლევან კალანდაძე დაინტერესდა ლევან ვეფხვაძის შეფასებით, რამდენად ღიაა მთავრობა ბიზნესთან კომუნიკაციისთვის.

 

„ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ყოველთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხად გამოიკვეთება ხოლმე. თითქოს გვაქვს კომუნიკაცია, თითქოს აქტიური შეხვედრები იმართება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბიზნესის ნაწილი კომუნიკაციის მიღმა რჩება. ეს არ ეხება მსხვილ ბიზნესს, თუმცა საშუალო და წვრილი ბიზნესისთვის კომუნიკაცია ჯერ კიდევ პრობლემაა“, – განაცხადა კალანდაძემ.

 

ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა არ არის, უბრალოდ, პროცედურა გართულდა, რადგან ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების სისტემა შეიცვალა. გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გაიშალა.

 

„ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელიწადში შეიცვალა გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების პროცედურა და სისტემა. ადრე გვქონდა ასე, რომ ერთი-ორი ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, დღეს ეს პროცესი უფრო გაშლილია. კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი მხრიდან უფრო არის, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან, რადგან ერთ კონკრეტულ ადამიანთან საუბარი აღარ არის საკმარისი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ბოლომდე მივიდეს. იყო ასეთი პერიოდი, როცა კონკრეტული ადამიანი თითებს გაატკაცუნებდა და გადაწყვეტილება ბოლომდე მიდიოდა. ადრე თუ ერთს ელაპარაკებოდი და ყველა შტო უკვე ჩამოყალიბებული იყო, ახლა გვაქვს მოდელი, როცა თითოეულ დეპუტატთან, მთავრობის თითოეულ წევრთან გვიხდება ურთიერთობა, რადგან შეიძლება, ყველას განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს. ვერტიკალში ვიღაცამ ზემოდან დაუძახოს და გაკეთდეს – ასე არ ხდება. ეს ერთის მხრივ, ბუნებრივია, კარგია და ლოგიკურად სწორი სისტემისკენ მივდივართ, როცა გადაწყვეტილება მორჩილებაზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ საღ აზრსა და დებატებზე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების შიგნით ე.წ. ბალანსი არსებობს. ეს ჩვენი მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებების ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას ართულებს. ამ ეტაპზე, ჩვენთვის ახალი გამოწვევა ნიშნავს, რომ ყველა დონეზე, თითოეულ შტოში, თითოეულ პარლამენტართან, მინისტრთან თუ მინისტრის მოადგილესთან ცალ-ცალკე მოგვიწევს კომუნიკაცია“, – განმარტა ვეფხვაძემ.

 

ბიზნესასოციაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ბიზნესსა და მთავრობას შორის პოზიციების რაციონალურ შეჯერებას, როდესაც იმ ახალი რეგულაციების შემოღება მოხდება, რასაც ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებები აკისრებს.

 

„ეს რთული პროცესია, მაგრამ მეორეს მხრივ, საინტერესო, როდესაც დებატებში შევძლებთ საერთო პოზიციის დაფიქსირებას. ერთი მხრივ, ეს შეასრულებს იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც ახალი რეგულაციების შემოღებას უკავშირდება და მეორე მხრივ, დავიცავთ იმ ოქროს შუალედს, როცა რეგულაციები ბიზნესს ისე მძიმედ არ დააწვება, რომ ვეღარ შეძლოს მთავარი – შექმნას სამუშაო ადგილები, შეავსოს ბიუჯეტი და შექმნას დოვლათი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner