ძალიან დილა მშვიდობისა!
დღეს მე, პროტესტის ნიშნად (იმედია, ამაში ყველა მხარს დამიჭერთ) დილიდან ოთახებში დავდივარ, როგორც საქონელი...
არ შეგეშინდეთ. იმ საქონელს კი არ ვგულისხმობ, რომ იცოხნება, ირქინება, ღმუის… და კიდევ ცუდ რაღაცებს აკეთებს ხოლმე…
მე მაღაზიის საქონელს ვგულისხმობ და, შესაბამისად, სპეციალური იარლიყიც მიკეთია, მარჯვენა მაჯაზე… სადაც წონა, ზომა, ასაკი, ხასიათის თვისებები და ა.შ. არის მინიშნებული….
მაგალითად, რომ მიყვარს საზამთროს მურაბა და წიწაკა, კარგად ვცურავ, ცოტა მოვიკოჭლებ (როცა არ ვიპრანჭები ან პირიქით, ძალიან ვიპრანჭები) მარჯვენა ფეხზე და ძალიან მოვიკოჭლებ ტექნიკაში ...
დღეს კი შემომაქვს შემდეგი წინადადება - რადგანაც ჩვენს საზოგადოებაში გიჟდებიან იარლიყების მიწებებაზე, ადამიანს უნდა მიეცეს უფლება, თავად დაამზადოს საკუთარი იარლიყი…
მე მაგალითად ჩემს იარლიყზე დავწერ მხოლოდ სიმართლეს… ერთადერთი, საკვებ პროდუქტზე რომ აწერია, „შენახვის ვადა“, იმ გრაფას გამოვტოვებ, რადგანაც ბოლომდე ვერ გავარკვიე - პასტერიზებული ვარ თუ მალეფუჭებადი…
დღეს კი, 93 წლის წინ, 1926 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დაიბადა უნიჭიერესი, ულამაზესი და ჰოლივუდის ვარსკვლავობის მიუხედავად, ბავშვივით დაუცველი მერილინ მონრო…
ქალი, რომელიც სწორედ „იარლიყების“ მიწებების სიმბოლო და მსხვერპლიც გახდა… თითქმის ყველაფერი, რაც მას მიაწერეს და რისიც მეც დიდხანს მჯეროდა, სანამ საქმის არსში გარკვევის სურვილი გამიჩნდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა…
არაკეთილმსურველთა შეფასებები თავიდან რომ არ გავიმეოროთ, მე პირდაპირ მათი უარყოფით დავიწყებ…
მერილინ მონრო იყო საკმაოდ ნაკითხი ქალბატონი, ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. ძალიან უყვარდა სერიოზული ლიტერატურა, განსაკუთრებით, ტოლსტოი და დოსტოევსკი და ოცნებობდა გრუშინკას როლის შესრულებაზე „ძმები კარამაზოვენში“... მისი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) 168 ქულას შეადგენდა (საშუალო მაჩვენებლად (0-100 ქულაა მიჩნეული). ჰქონდა სხარტი გონება და დახვეწილი იუმორის გრძნობა, რაზეც მოწმობს მისი მშვენიერი გამონათქვამები და ექსპრომტები, რომლებსაც დღემდე იხსენებენ, მაგრამ არ იციან, რომ მას ეკუთვნის… ძალიან მომწონს მისი სიტყვები - „ქალს აქვს 2 დამღუპველი იარაღი - ცრემლები და ტუში და ის ფაქტი, რომ მამაკაცები ჯერ კიდევ არსებობენ, გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ქალები ორივე იარაღს ერთდროულად ვერ იყენებენ“… ხოლო მისი ფრთიანი ფრაზა იმის შესახებ, რომ ის ღამე საწოლში „იცვამს მხოლოდ რამდენიმე წვეთ „შანელ #5“-ს“, ამ მშვენიერი სუნამოს წარმატების ერთ-ერთი სერიოზული საწინდარი გახდა…
მერილინ მონრო იყო ძალიან გულწრფელი და თბილი ადამიანი. მან იცოდა ნამდვილი მეგობრობაც და სიყვარულიც. მისი უახლოესი მეგობარი ელა ფიცჯერალდი ჰყვებოდა, რომ მისი წარმატება არის მერილინ მონროს დამსახურება, რადგანაც მან ერთ-ერთი ჯაზ-კლუბის დირექტორს გამოუცხადა, რომ ივლის ბარში მხოლოდ იმ დღეებში, როცა სცენაზე ელა იმღერებს… და დადიოდა კიდევაც… ელას კარიერა კი სწორედ ამ კლუბიდან დაიწყო…
მერილინ მონრო აბსოლუტურად არ იყო პრაქტიკული და არასდროს არ გამოუყენებია მამაკაცები… პირიქით კი ხდებოდა ხოლმე… როდესაც ის გარდაიცვალა, მისი მეგობარი მამაკაცებიდან, მხოლოდ მეორე მეუღლე, ცნობილი ბეისბოლისტი — ჯო დი მაჯო დაესწრო დასაფლავებას… სხვათაშორის, ის ერთადერთი მამაკაცი იყო მის ცხოვრებაში, ვისაც მართლაც უყვარდა მერილინი და ბოლომდე ედგა მხარში…
ის ვერ პატიობდა საკუთარ თავს, რომ ვერ შეძლო მერილინის დაბრუნება. თურმე, მერილინის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ ეცადათ ერთად ყოფნა...
მერილინის შემდეგ, დი მაჯოს აღარასდროს არ მოუყვანია ცოლი და აღარასდროს არ გაუკეთებია კომენტარი მათ ურთიერთობებზე...
ის ცხოვრების ბოლომდე, სანამ შეეძლო, კვირაში 3-ჯერ მიდიოდა მერილინის საფლავზე და მიჰქონდა მისთვის 6 თეთრი ვარდი - ადრე მერილინს უთხოვია, თუ რამე მომივა, ასე გაეკეთებინა...
ჯო დი მაჯო გარდაიცვალა 1999 წელს, 86 წლის ასაკში და მისი ბოლო სიტყვები იყო - „როგორც იქნა, შევხვდები მერილინს“...
მერილინ მონროს, მიუხედავად მისი ცნობილი სიმღერისა — „ქალიშვილების საუკეთესო მეგობრები ბრილიანტები არიან“, საერთოდ არ უყვარდა სამკაულები… გინდ დაიჯერეთ და გინდ… მაინც დაიჯერეთ… მას სულ ერთი ბრიალიანტის ბეჭედი ჰქონდა და ერთიც მარგალიტის მძივი…
მერილინ მონრო არასდროს იმოკლებდა ქუსლს ცალ ფეხსაცმელზე (რაზეც ბევრს ჭორაობდნენ) და მხოლოდ მისთვის ჩვეული სიარულის მანერა - მერილინის განსაკუთრებული გრაციისა და შრომისმოყვარეობის შედეგი იყო…
მერილინ მონროს, რაღა თქმა უნდა, ორივე ფეხზე ზუსტად 5-5 თითი ჰქონდა… თუმცა არსებობს მისი პლაჟზე გადაღებული ფოტო, სადაც აშკარად ჩანს მის ფეხზე მოკალათებული მეექვსე თითი… შემდეგ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ე.წ. შუქის ეფექტია და მე-6 თითი სინამდვილეში შემთხვევით მიწეპებულ ქვიშის გუნდას წარმოადგენს…
ასე რომ, „მერილინ მონროს ექვსი თითი“ — ლეგენდა არის და მითი… როგორც ბევრი სხვა რამეც…
ვიცი, ყველა ქვეცნობიერად ელოდებით, როდის ვიტყვი რამეს აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის წარმომადგენლებზე… ერთადერთი, რასაც გეტყვით და ზუსტად ვიცი, რომ მერილინი და რობერტ კენედი ნამდვილად მეგობრობდნენ… რაც შეეხება ჯონ კენედის… ამაზე თავს შევიკავებ, რადგანაც ჩემთვის პირადად მთავარი დანაშაული, რაშიც მერილინს ბრალს დებდნენ, ანუ კავშირი ერთდროულად 2 ძმასთან, მოხსნილია…
თუმცა… ერთი ჩემთვის ძალიან სერიოზული ნაკლი მერილინს მაინც გააჩნდა — ძალიან არაპუნქტუალური იყო, ყველგან და ყოველთვის იგვიანებდა… როცა შერბოდა დარბაზში, სადაც ყველა ელოდებოდა, თანაც ბოროტად, გულწრფელად იხდიდა ბოდიშს და ამბობდა — „ოჰ, ისევ დავიგვიანე. მაპატიეთ! მე ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ კიდევ ერთხელ დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ ვიღაცა მართლა მელოდება და ნერვიულობს ჩემზე“…
ახლა, ამას მერილინისნაირი ქალი რომ გეტყვის… აპატიებ, აბა, რას იზამ…
1962 წლის 5 აგვისტოს მერილინ მონრო ლოს-ანჟელესის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა… ის სულ 36 წლის იყო…
გუშინ წავიკითხე მერილინის ბოლო ინტერვიუ და გული ჩამწყდა, იმდენად ადამიანური და სევდიანია… „მე ვარ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მორცხვი ადამიანი… მე მართლა უნდა ვისწავლო ბრძოლა… ძალიან მიყვარს ადამიანები, მაგრამ მეშინია საზოგადოების“…
და ამას წერდა 50-იანი წლების სექს-სიმბოლო, ჟურნალ „PLAYBOY”-ს პირველი ნომრის ყდაზე გამოსახული მომღიმარე ულამაზესი ქალი…
ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთმანეთს კარგად უნდა დავაკვირდეთ და სათუთად გავუფრთხილდეთ…
ნუ ვაწეპებთ ერთმანეთს იარლიყებს... დაწეპება ადვილია, მოხსნაა ძნელი...
ნუ დავიხვევთ ხელზე ცუდ ინფორმაციებს, შევარჩიოთ კარგი...
ის უფრო შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც ადამიანები, როგორც წესი, ჭორაობენ ცუდ რაღაცებზე ... კარგი თუ აღმოაჩინეთ, - ესე იგი, სიმართლეა.
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და მერილინ მონროსავით მზიან დღეს!