logo_geo
eng_logo
პრემიერი ფარავნის ტბასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს და ჯავახეთის დაცული ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნო
- +

1 ივნისი. 2019. 17:07

 

 

ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, - დაგეგმილი პროექტები პრემიერ-მინისტრს დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარუდგინა.

 

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.

პროექტი ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის ჯებირისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე დაგეგმილია წმინდა ნინოს დედათა მონასტრიდან ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპირომდე საფეხმავლო ბილიკების გაკეთება.

 

პროექტის თანახმად, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან - წმინდა ნინოს მონასტერთან. ასევე დაგეგმილია მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მონასტრის შესასვლელთან ავტოსადგომის და ტურისტული ობიექტების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრის, სადეგუსტაციო ოთახის, სამზარეულოს, საეკლესიო ნივთებისა და სანთლების მაღაზიის მშენებლობა. სამუშაოები ასევე მოიცავს რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის ნიმუშის - გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ფარავნის ტბის ნაპირის მოწყობა და წმინდა ნინოს ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის.

 

მთავრობის მეთაური ასევე გაეცნო პრეზენტაციას ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების 5152 ჰექტრით გაფართოება, რაც აბულის, საღამოსა და ფარავნის ტბებსა და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამომავლოდ, ასევე იგეგმება საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლება და თევზის სახეობების აღდგენა.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ კანონპროექტს, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, პარლამენტი განიხილავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner