გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გვაქვს. ჩვენ ვიწყებთ ჯავახეთის ზეგანის განვითარებას. მოხდება ადგილობრივი ფერმერული თევზსაჭერი მეურნეობების და კოოპერატივების ჩამოყალიბება, რათა მოსახლეობას წარმოების მეტი საშუალება მიეცეს. განხორციელდება ნაოსნობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომლებიც, საბოლოოდ, აბულის, ფარავნისა და საღამოს ტბებს დაცულ ტერიტორიებად აღიარებს. დაცული ტერიტორიები მოიცავს ეკოსისტემის განვითარებასა და შენარჩუნებაზე ზრუნვას და არ გულისხმობს მოსახლეობისთვის სამეურნეო საქმიანობების შეზღუდვას. არსებული პროექტებით ვცდილობთ, მოსახლეობას დამატებითი ღირებულებების შექმნაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სამომავლოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლებას, თევზის სახეობების აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას მდგრადად ისარგებლოს ბუნებრივი რესურსით.