თემურ ბასილია - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი.
2005 წლიდან სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი...
შეხვედრა სამშობლოსთან, მეგობრებთან, მონატრება, შეხვედრის სიხარული, დაბრუნება წარსულში და ახალი საქართველო - თავმოყრილი ერთ ინტერვიუში, რომელიც For.Ge-მ ამ რამდენიმე დღის წინ თემურ ბასილიასთან ჩაწერა და, რომელიც ერთი მარტივი კითხვით დაიწყო.
- 15 წლის შემდეგ, როგორ შეხვდით და შეგხვდათ თბილისი?
- ის, რაც 15 წლის წინ დავტოვე და რა არის დღეს... უზარმაზარი ცვლილება, უზარმაზარი ნახტომი, რომელიც, შესაძლოა, ბევრ ქვეყანაში არც მომხდარა. მე ამას თბილისზე ვამბობ. ჯერ არ მქონია შესაძლებლობა თბილისის გარეთ გავსულიყავი. თბილისმა ჩემზე დატოვა მოულოდნელი შთაბეჭდილება. გასულ წელს, ჩემი მეუღლე და შვილები იყვნენ ჩამოსული საქართველოში, გადმოცემით ვიცოდი, ამ ცვლილებების შესახებ, მაგრამ ერთია, როცა გადმოცემით იცი და მეორეა, როცა შენი თვალით ხედავ ამ ყველაფერს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ვერც კი ამჩნევენ ცვლილებებს, მაგრამ, 15 წელი ეს არის დრო, როცა თვალსაჩინოდ ხედავ სად იყო ქვეყანა 15 წლის წინ და სად არის ახლა. ეს უზარმაზარი ნახტომია. თბილისში არ ყოფილა ასეთი ულამაზესი შენობები, რომელზეც განვითარებული ქვეყნის არც ერთი ქალაქი არ იტყოდა უარს. მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილია ქალაქის არქიტექტურა, შენარჩუნებულია ძველი თბილისის ტრადიციული სტილი და ძველი და ახალი კარგად ერწყმის ერთმანეთს.
- თანამდროვე არქიტექტურა რამდენად ნიშნავს ეკონომიკურ აღმავლობას? რას ხედავთ შენობებს მიღმა? ამას გეკითხებით, რადგან დღესაც, ისევე, როგორც 15 წლის წინ, პრობლემად რჩება სიღარიბის დაძლევა.
- ეს შენობები და ფასადები არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო შესაბამისი ინვესტიციები. ანუ, რაღაც შეიცვალა, საქართველო უფრო მიმზიდველი გახდა ინვესტორებისთვის. თუმცა, მე ვიგრძენი ის დეპრესიული მდგომარეობა, გულგატეხილობა, რომელიც ადამიანებს აწუხებთ. ადამიანების მდგომარეობა არ არის ადეკვატური იმისა, რაც ზედაპირზე დევს. ტურისტი, რომელიც ჩამოდის თბილისში, მას მოსწონს ქალაქი, თავისი ინფრასტრუქტურით, რესტორნებით, გასართობებით, მაგრამ როდესაც მე ჩემს ახლობელ ადამიანებთან მქონდა საუბარი, გაოცებული დავრჩი იმ განწყობით, რაც ვიგრძენი. ეს ამდენი ცვლილება, ტრანსფორმირება არ აისახა ადამიანების ცნობიერებაზე. ადამიანები ვერ აღიქვამენ ამ სიკეთეს, როგორც საკუთარს, რადგან თითქოს, განვითარება ერთი მიმართულებით მიდის, ხოლო ადამიანები რჩებიან სადღაც, მათ ვერ მიიღეს ის სარგებელი, რაც ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა მათთვის.
- ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, განსაკუთრებით აღმოსავლური ქვეყნებისა, სადაც არც ინვესტიციები აკლიათ და არც ბუნებრივი რესურსები, თუმცა ცათამბჯენებიდან კარგად ჩანს სიღარიბისა და სიმდიდრის საოცარი კონტრასტი. იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოებრივი სიკეთე ერთი მუჭა ადამიანების ხელშია თავმოყრილი. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ყველაზე მეტად საფინანსო ინსტიტუტები გაძლიერდა, მათ ხელშია, როგორც ბანკები, ისე სხვადასხვა არაპროფილური ბიზნესები და ამ ყველაფერს რატომღაც ხელისუფლება ვერაფერს თუ არაფერს უპირისპირებს, შესაბამისად, ეს აისახება ჯინის ინდექსზე. სიღარიბე თუ იგრძნობა თანამედროვე და ლამაზი არქიტექტურის მიღმა?
- შორიდან ეს არ ჩანს. მე რომ არ მელაპარაკა უამრავ ადამიანთან და პირადად არ მომესმინა პრობლემების შესახებ, მეც დამრჩებოდა ის შთაბეჭდილება, რაც რჩებათ უცხოელებს. თბილისში არის მანქანების აურაცხელი ოდენობა, მათ შორის საკმაოდ ძვირადღირებული მანქანების. კი, შეიძლება მანქანა იყიდო, მაგრამ მანქანას ჭირდება საწვავი, მომსახურება და შენახვა. ეს მანქანები მოძრაობს ამ ქალაქში და ეს ხომ ფაქტია, ამას ხომ ხედავს უცხოელი. სხვათა შორის, ჩემმა შვილმა შეამჩნია და სწორედ ეს მითხრა, რომ ტურისტული მარშრუტებიც საკმაოდ ჭკვიანურადაა შერჩეული.
დიახ, ჩემი, როგორც ეკონომისტის შეფასება ისაა, რომ არ ხდება რესურსების სამართლიანი გადანაწილება, ალბათ ეს არის საბიუჯეტო, საგადასახადო პრობლემა და მეორე, უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილის ტერორის ქვეშ ადამიანების დიდ ნაწილს არასამართლიანად წაართვეს მათ ხელთ არსებული ქონება, ფინანსური საშუალებები. და მეორე - უმთავრესი ისაა, რომ 2008 წლის შემდეგ ბანკებს არა მხოლოდ 1 მლრდ მისცეს იმ საერთაშორისო დახმარებიდან, რომელიც მისცეს ქვეყანას, არამედ მათ სრული თავისუფლება მიეცათ. ბანკებს მისცეს უფლება ჰქონოდათ არაპროფილური ბიზნესები, მისცეს უფლება ყოველგვარი შეზღუდვისა და რეგულაციების გარეშე გაეცათ სესხები, რომელთა უზრუნველყოფა ძალიან დაბალ დონეზე იყო. ანუ, შეგნებულად ხდებოდა ადამიანების გაწირვა. ეს ხდებოდა გამიზნულად, რათა ბანკების მეშვეობით მომხდარიყო ადამიანების კონტროლი. გაღატაკებული ადამიანების მართვა საკმაოდ ადვილია.
- მართეს?
- რა თქმა უნდა, მართეს და ამაზე იდგა ის რეჟიმი. თუმცა, ის, რაც ხდებოდა 2007-08 წლებში, მე, როგორც ქართველი ამაყი ვიყავი, როგორც გამოდიოდა ხალხი ქუჩაში. ასობით ათასი ადამიანი იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ. როგორ შეიძლება ამის არდანახვა და არდაფასება. ბევრი იყო ასეთი ქვეყანა? იყო სიტუაცია, როცა მეც სასოწარკვეთაში ვიყავი, რომ რეჟიმი დაამარცხებდა ქართველ ხალხს, მაგრამ... სხვათა შორის, ჩემს ამერიკელ მეგობართან მქონდა ამაზე საუბარი, რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში და საკმაოდ უცნაური რამ მითხრა: თემურ, შენ, ეტყობა, არ იცნობ ქართველებს, ესენი არ არიან არც ჩინელები, არც კორეელები, აზიელები, ქართველები არავის დაისვამენ თავზე. ნუ გაქვს ამის შიში, ეს ყველაფერი არის სახდელი, რომელსაც მოიხდით რამდენიმე წელიწადში და ეს ყველაფერი ჩაბარდება ისტორიასო. მაშინ არ დავეთანხმე მას, მაგრამ მართალი აღმოჩნდა.
- ამ გადმოსახედიდან მინდა შეაფასოთ 2003 წლის მოვლენები. როგორც ყველა ხელისუფალი, შევარდნაძის ხელისუფლებამ განაპირობა ის რევოლუციაც. რა თქმა უნდა, მაშინდელის ტრიუმვირატს დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ვერსიები, რომ ეს იყო ხელისუფლების გადაბარების პოლიტიკა, რომელსაც იგივე დასავლეთი ხელმძღვანელობდა. რამდენად აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება?
- არაფერი მსგავსი არ ყოფილა. მე ზუსტად ვიცი, რომ ამერიკის ელჩი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ყოველგვარი რევოლუციის. ამერიკის სხვადასხვა უწყებებში ხდებოდა ამ თემის განხილვა და შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო იყო კატეგორიული წინააღმდეგი რევოლუციური გადატრიალების. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ შესანიშნავად გვაქვს აწყობილი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან და არანაირად არ გვაინტერესებს იქ დესტაბილიზაცია და ქაოსიო. მე ისიც ვიცი, რომ სააკაშვილს მძიმე საუბრები ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილს მხარდაჭერა არ ჰქონია, ჰყავდა მას მხარდამჭერები, მაგრამ ეს არ ყოფილა ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა, რომ საქართველოში რევოლუცია მომხდარიყო.
- თუმცა, ჩვენ გვახსოვს არაბული გაზაფხული და სხვა ფერადი რევოლუციები. დღეს უკვე ამერიკამ აღიარა, რომ შეცდომა იყო მსგავსი რევოლუციების ინსპირირება იმ ქვეყნებში, რადგან ისინი მზად არ იყვნენ ამისთვის.
- მე რამდენადაც ვიცი, ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა არ ერევა მსგავს სცენარებში, ერთადერთი ისინი ერევიან, როცა, შესაძლოა, საქმე სისხლისღვრამდე მივიდეს. 2012 წელს, ამერიკა არ ჩარეულა საქართველოს შინაურ საქმეებში, მათ არჩევნების შემდგომ პოზიტიური როლი ითამაშეს ქვეყნის ცხოვრებაში. მე გაგახსენებთ პრეზიდენტ ობამას განცხადებას. მან ორჯერ განაცხადა: საქართველოში რეჟიმი უნდა შეიცვალოს! წარმოიდგინეთ, მთელ პლანეტაზე ყველაზე უძლიერესი ფიგურა, ამ პატარა ქვეყნის საკითხზე ორჯერ გამოვიდა განცხადებით, თქვენ ვერ ნახავთ სხვა მსგავს ფაქტს. ეს განაპირობა იმან, რომ სააკაშვილმა გადაკვეთა წითელი ხაზი. მათ კარგად იცოდნენ სააკაშვილი რაზე იყო წამსვლელი და კარგად იცოდნენ სამეგრელოს ტყეებში გადამალული იარაღი შესახებ, აქ შეიძლებოდა სისხლი დაღვრილიყო. ამიტომაც ჩაერივნენ ასე საჯაროდ. მათ გააფრთხილეს სააკაშვილის ხელისუფლება და პირადად სააკაშვილს უთხრეს, რომ არანაირი მხარდაჭერა არ ექნებოდა და აუხსნეს კიდეც, რა პრობლემების წინაშე დადგებოდა არა მარტო მისი ხელისუფლება და მათი ოჯახები, არამედ პირადად თვითონ სააკაშვილი.
ვარდების რევოლუცია ნამდვილად არ ყოფილა ამერიკული პროექტი. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ იმ პერიოდისთვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა რევოლუციის. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო და ღრმავდებოდა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, სამართალდამცავ სფეროში. ამიტომ ამ ტურბულენტური ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობდა.
- მაშინ ბუნებრივად ისმის კითხვა - ვინ იდგა სააკაშვილის უკან?
- მე შეგახსენებთ, როდესაც მას კითხეს, ვინ იყო მისი კუმირი, მან დაასახელა ერთი რუსი და მეორე ამერიკელი - ევგენი პრიმაკოვი და რიჩარდ ჰოულბრუკი. მაგრამ მე ყველაზე მეტად მიკვირს, ნუთუ არავის არ ახსოვს მისი მეუღლის სანდრას ბიოგრაფია. სანდრამ ძალიან კარგად იცის რუსული - საიდან? 1988-89 წლებში სანდრა სწავლობდა მოსკოვში პატრის ლუმუმბას უნივერსიტეტში. 2008-09 წლებში ეს მისი ვიკიპედიის ისტორიაშიც კი ეწერა, რაც მე პირადად მაქვს ნანახი, მაგრამ ახლა ეს ფაქტი წაშლილია. არადა სანდრასაც ულაპარაკია ამის შესახებ ინტერვიუში და პირადად მე დავუსვი მას ეს კითხვა - ჰოლანდიელ ქალს რა გინდოდა მოსკოვშითქო?
- რა გიპასუხათ?
- ეს იმით ახსნა, თითქოს მის ოჯახს არ ჰქონდა ფული, რომ განათლება მოიცათ. მაგრამ ევროპაში, ჰოლანდიაში და გერმანიაში უმაღლესი განათლება უფასოა და იქ შეეძლო მას განათლების მიღება.
არავისთვის დასამალი არაა, რომ ლუმუმბას უნივერსიტეტი იყო გრუ-ს სამჭედლო - იქედან გამოდიოდნენ ოფიციალური და გავლენის აგენტები. ასე რომ, რატომ არ ახსოვს ეს საქართველოში ვინმეს მე ძალიან მიკვირს.
- სააკაშვილის შესახებ არის ვერსიები, რომ ისიც რუსული პროექტი იყო... გავიხსენოთ ივანოვის ჩამოსვლა.
- გაგახსენებთ, რომ შევარდნაძე არ აპირებდა გადადგომას ივანოვის ჩამოსვლამდე. მის გადადგომაზე გადაწყვეტილება მიიღო ივანოვთან შეხვედრის შემდეგ, როგორც კი ივანოვი ბათუმში წავიდა, შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ ის მიდიოდა სახლში.
- რომ არ ყოფილიყო ვარდების რევოლუცია, რა გეგმები იყო „მოქალაქეთა კავშირში“, ვინ მოვიდოდა ხელისუფლებაში, ვინ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ა.შ.
- მე „მოქკავშირის“ წევრი არ ვყოფილვარ და თუ ვინმესთან მქონდა დაძაბული ურთიერთობა, ეს სწორედ „მოქკავშირის“ წევრები იყვნენ, ე.წ. ახალგაზრდულ ფრთასთან. ინფორმაცია რომელიც მე გამაჩნია ასეთია, ამერიკელების სურვილი იყო შევარდნაძეს დაესრულებინა თავისი მმართველობა, გაუქმებულიყო იმ არჩევნების შედეგები, მაგრამ 2004 წლის გაზაფხულისთვის დაენიშნა ახალი არჩევნები. 2005 წლისთვის შევარდნაძეს დაესრულებინა საპრეზიდენტო ციკლი და შემდეგ შემდგარიყო საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა, ივანოვის იმ ვიზიტმა თავდაყირა დააყენა პროცესების მსვლელობა.
- ბევრი მიმართულებით ამერიკასთან საქართველოს პარტნიორობა გაუმჯობესებულია, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. თუმცა, უკრაინასთან შედარებით, დღეს საქართველოს თემა ნაკლებად განიხილება ამერიკის მხრიდან. არადა ჯერ იყო კოსოვოს აღიარება, შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომი თავისი შედეგებით. ეს იყო პეპლის ეფექტი, სწორედ ამ ფაქტებმა ბიძგი მისცა იმას, რაც მოხდა უკრაინაში. თუ გაქვთ ინფორმაცია, ამ თემების ანალიზი და შეფასება რამდენად აქტუალურია დღეს თუნდაც ამერიკის შიდა პოლიტიკურ წრეებში?
- ნუ, მათი შეფასება კოსოვოს მიმართ სხვაა, საქართველოსთან მიმართებაში სხვა და ყირიმთან მიმართებაში სხვა, მაგრამ ისინი აღიქვამენ, რომ ყირიმის პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მოხდა 2008 წლის ომი. აქ, ისინი კავშირს ხედავენ და თვლიან, უფრო აქტიურები რომ ყოფილიყვნენ მაშინ, იგივე რუსეთთან მოლაპარაკებებში და სხვა პროცესებში, იქნებ აქამდე არ მისულიყო საქმე. ისინი გრძნობდნენ, რომ რაღაცა ხდებოდა, თუნდა კონდოლიზა რაისის ვიზიტი საქართველოში, ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები ჩამოდიოდნენ საქართველოში ომის წინა პერიოდში და სააკაშვილს აფრთხილებდნენ, რომ პროვოკაციას არ წამოგებოდა, ამაზე მეტყველებს.
მაგრამ, მე ვიცი, რომ სააკაშვილი ვაშინგტონში იყო ჩასული და ყველა საჯარო გამოსვლაში იგი ხმამაღლა ლაპარაკობდა, ზუსტად ამ ფრაზით: სანამ რუსეთი თავიანთ ჟანგიან ტანკებს დაქოქავენ, ჩვენ ცხინვალში ყველაფერს დავამთავრებთ!
- რახან ამ თემას შევეხეთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ - ვინ დაიწყო ომი? ეს კითხვა დღემდე საჯილდაო ქვაა პოლიტიკურ ძალებს შორის. რუსეთის ოკუპანტობაზე და მისწრაფებებზე აქ კითხვებიც არ შეიძლება დაისვას, მაგრამ შეგვეძლო თუ არა ამ ომის თავიდან აცილება და არ წამოვგებოდით რუსეთის პროვოკაციას? პრეზიდენტის არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულმა შეფასებამ სააკაშვილის როლზე ამ ომის დაწყებაში, ქვეყანა ლამის ორად გახლიჩა და დღემდე ორადაა აზრი გახლეჩილი. სწორედ ეს მაინტერესებს, ამერიკაში ესმოდათ, რომ სააკაშვილი ემზადებოდა ომისთვის?
- რა თმა უნდა, ემზადებოდა. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც ჩემი პოლიტიკური დევნა დაიწყო, სააკაშვილის მთავრობის დავალებით მე დამიკავშირდნენ და მითხრეს: ჩვენ ცხინვალში ვიწყებთ ოპერაციებს და გვჭირდება ფინანსური დახმარება.
- კონკრეტულად ვინ დაგიკავშირდათ?
- იმ ადამიანის სახელი და გვარი არაფერს ამბობს, მაგრამ ეს იყო მერაბიშვილის და ადეიშვილის დავალებით განხორციელებული კომუნიკაცია.
- ეს რომელი წელი იყო? უკვე ძებნილი იყავით?
- ეს იყო 2005 წლის ივნისი. მაშინ გაეროში ვმუშაობდი, ხოლო უკვე შემოდგომიდან ჩემი დევნა დაიწყო.
- ანუ, თქვენი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც უარი უთხარით ფინანსურ „დახმარებაზე“?
- კი.
- სხვას არაფერს გედავებოდნენ?
- მედავებოდნენ რაღაცა აბსურდზე, თითქოს რაღაცა პროექტებზე თანხები გადაირიცხა, რომელიც არ განხორციელებულა და ამ დროს, ქართული მხრიდან ყველა დოკუმენტაცია იყო პროკურატურისთვის გადაცემული და ხალხი ყავდათ დაკითხული. ხოლო, უცხოელები, რომლებთაც ამ პროექტებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არც ერთი დაკითხული არ ყოფილა. როდესაც ჩემი დევნა დაიწყეს, მე მაშინ ვუთხარი, მაჩვენეთ რას მედავებით, თუ ვინმემ რაიმე უკანონო გადარიცხვები გააკეთა, მითხარით, მე დაგეხმარებით, რადგან თავად ვარ დაინტერესებული, რომ ერთად მოვიძიოთ და თქვენ გვერდით ვიქნები-თქო, მაგრამ ამაზე პასუხი მივიღე: - ჩვენ ეს არ გვაინტერესებს.
- ალბათ, გახსოვთ ცნობილი სატელევიზო დაკავებები - აკაკი ჩხეიძე, მერაბ ადეიშვილი, ბორის სარალიძე და ა.შ. ფორმაზე ნუ ვისაუბრებთ, მაგრამ მაშინ იყო საუბარი, რომ მავანთ 60 მლნ-იც კი მიატანინეს. უცნაურია, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში სახელმწიფო ჩინოვნიკს საიდან ჰქონდა 60 თუ არა 1 ან 2 მლნ მაინც?
- ვერ გეტყვით, ვინ რა მიიტანა, მე ამ ყველაფერს პრესიდან ვიგებდი. მაგრამ მე ვიცი ჩემთან დაკავშირებით რას აპირებდნენ, მითხრეს: - ჩვენ ვიცით, შენ არ გაქვს ამხელა თანხა, მაგრამ ჩვენ მოგეხმარებით ბანკიდან სესხის აღებაში, რომ ცხინვალის განთავისუფლების და პოლიციის განვითარების ფონდში თანხა გადაიხადოო. რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას, თავად იყვნენ გაოცებულები და ამას არც მალავდნენ პირად საუბრებში, რომ ვერანაირ დოკუმენტს ვერ მიაკვლიეს ჩემს წინააღმდეგ.
- თქვენ რატომ წახვედით ამერიკაში?
- 2005 წელს 17 ივლისს, ბათუმში მთავრობის სხდომაზე, ეს ის სხდომაა, სადაც სამეგრელოს მაშინდელმა გუბერნატორმა კახა არდიამ ცნობილი ფრაზა თქვა: - ბატონო პრეზიდენტო, სამეგრელოში ყველაფერი კარგად მიდის, გაჩნდა ფულიც, აი მაგ. ამ დღეებში გაიტაცეს პიროვნება, რომლის ოჯახმაც მეორე დღესვე 30 000 დოლარი გადაიხადა გამოსასყიდიო. ამ სხდომაზე გამოაცხადეს, რომ ბასილია გაიქცა... წაიღო მილიონები... გავალებთ, დააბრუნოთ აქ ნებისმიერი ხერხით და გზით!
არადა, ვარდების რევოლუციის შემდგომ, ბუნებრივია, მე წამოვედი ხელისუფლებიდან. 6 თვის განმავლობაში უამრავი მცდელობა მქონდა სადმე მუშაობა დამეწყო, მაგრამ ჩემთვის ყველა კარი ჩარაზული იყო. ამის შემდეგ მე შევეხმიანე საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩემს მეგობრებს და მათ შემომთავაზეს გაეროში „ათასწლეულის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ტაჯიკეთში პროექტის ხელმძღვანელობა. წასვლის წინ კეთილისმსურველები მირჩევდნენ, რომ ხელისუფლება ჩამეყენებინა საქმის კურსში, მაგრამ ეს რომ გამეკეთებინა, დარწმუნებული ვიყავი, არავინ გამიშვებდა - მე ვიცნობ მაგ ხალხის ბუნებას.
- მერე რატომ დაგიწყეს დევნა?
- რამდენიმე ფაქტორის გამო, მე საკმაოდ ბევრი კონტაქტი მქონდა დასავლეთში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათ თუ ვინმეს მიმართ ჰქონდათ ნდობა, ალბათ, ერთ-ერთი ვიყავი მე. მათ იცოდნენ ჩემი წარსული, პროფესიონალიზმი. მათ ჰქონდა ჩემს მიმართ უდიდესი ნდობის მანდატი. განა რამდენი ადამიანი წავიდა გადაგომის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ? ეს ნდობა აღიზიანებდა სააკაშვილს და მის მთავრობას. გარდა ამისა, მათ ეშინოდათ, რომ ვავნებდი და ცდილობდნენ, რომ უცხოელებს არ ჰქონოდათ ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროები. და კიდევ, ყველაზე მთავარი - ეს იყო არა მარტო ჩემი დასჯა, არამედ ჩვენება იმ ქართველებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში - აი, ბასილიას რა დღე ვაყარეთ და თქვენ უარესს გაგიკეთებთ - ამ ფსიქოლოგიის დანერგვის მცდელობა იყო.
ზუსტად იმ პერიოდში, გაეროს ხელმძღვანელი დამიკავშირდა ტაჯიკეთში და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდოდა ჩემთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, შევხვდი და ამ დროს მეუბნება: „ახალახანს დავამთავრე თათბირი. სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელებს შევთავაზე - თემურს შეუძლია დიდი დახმარება გაგიწიოთ და დაუკავშირდით მას. ამ დროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა, თემურის ჩართვა საქმეებში არ ღირს, რადგან მის მიმართ სეროზული პრობლემები წარმოიქმნებაო“.
როდესაც ჩემი დევნა დაიწყო, მე ჩავაყენე საქმის კურსში ჩემი უფროსები გაეროდან და წესით, პროექტის რიგით წარმომადგენელს ეს არ უნდა სცოდნოდა. სხვათა შორის, შემდეგ ჩემი თანდასწრებით კიდევ დაუკავშირდნენ ამ ადამიანს ტელეფონით და მან იგივე გაიმეორა: - „ხელისუფლებას თემურის წინააღმდეგ გამზადებული აქვს სპეციალური ქეისი და ცოტა ხანში დაიწყება მის მიმართ სხვადასხვა მეთოდებით - სამართლებრივი თუ არასამართლებრივი მეთოდებით დევნა“. ეს ყველაფერი უკვე მეც მოვისმინე. ეს ადამიანი, როგორც აღმოჩნდა ვარდების რევოლუციამდე იყო საქართველოში წელიწადი თუ წელიწადნახევრის განმავლობაში და ეხმარებოდა სწორედ სააკაშვილის ჯგუფს - გივი თარგამაძესთან თანამშრომლობდა. მან დაადასტურა, რომ იმ პერიოდშიც ჰქონდა შენარჩუნებული ეს კონტაქტები.
- არასამართლებრივი მეთოდებით დევნაში რას გულისხმობდა?
- ტაჯიკეთში ჰქონდათ ჩანაწერები, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ელაპარაკებოდნენ ისლამისტური დაჯგუფების წარმომადგენლებს, ტაჯიკეთიდან როგორ უნდა გავეტაცებინე და როგორ უნდა გადავეყვანე მანქანით უზბეკეთში ისლამისტებს. მაშინ უზბეკეთში დაფრინავდა სპეციალური, თბილისი-ტაშკენტი ჩარტერული რეისი და ამ რეისით უნდა მომხდარიყო ჩემი ტრანსპორტირება თბილისში. ეს ინფორმაცია გაეროს ოფისს მიაწოდა ტაჯიკეთის ხელისუფლებამ. ამიტომ გაეროს ოფისმა მიიღო სასწრაფო გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო ჩემი და ჩემი ოჯახის ევაკუაცია და გადავეყვანე ბრატისლავის ოფისში.
- ამ ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ, რომ ვერ ელევა ნაციონალების 9-წლიან პერიოდზე საუბარს. ამას თავისი ახსნა აქვს და ამ ხელისუფლების სასარგებლოდ არ მეტყველებს, მაგრამ მეორე, ვფიქრობ, სამწუხარო თემაა, რომ საზოგადოების ნაწილს რატომღაც „დაავიწყდა“ ყველა ის სისასტიკე, რაც იმ რეჟიმისგან მოდიოდა - არჩევნები ამის ნათელი მაგალითია. არც ისე ბევრი დრო გავიდა და დღეს მიხეილ სააკაშვილი ისევ რევოლუციით იმუქრება. რამდენად გამოუვა ეს სხვა თემაა, მაგრამ მოძალადე რეჟიმი კვლავ ძალადობდეს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს რა ფენომენია, თქვენ რა ახსნა გაქვთ?
- ნიკარაგუა - დანიელ ორტეგა! ამის მაგალითიც გვაქვს.
- ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი შესაძლოა, კვლავ მობრუნდეს ხელისუფლებაში?
- საქმე ისაა, რომ ორტეგა 1989 წლამდე და ორტეგა 2005 წლიდან ორი სხვადასხვა რამეა. კი, მისი პოლიტიკური იდეები მაშინაც და ახლაც მიუღებელია, მაგრამ იგი მენტალურად სტაბილური ადამიანია. ორტეგა იდეურად არის მემარცხენე, ხოლო სააკაშვილისთვის იდეური მომენტი არ არსებობს. როცა დაჭირდება, ის შეიძლება იყოს მემარცხენე, როცა უნდა - მემარჯვენე, ცენტრისტი და ა.შ. სააკაშვილი მენტალურად არ არის სტაბილური ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი რომ მობრუნდეს გაიმეორებს იგივეს, რაც გააკეთა 2004-05 წლიდან.
- ყბადაღებულ კოჰაბიტაციის პროცესსაც მინდა შევეხო, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც გაკეთებულა განცხადებები, რომ ეს იყო დასავლეთის მოთხოვნა. თუმცა ამ მოთხოვნამ, როგორც ვხედავთ, ცუდი როლი ითამაშა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ანუ, კვლავ იმ თემას ვუბრუნდებით, რომ დასავლეთი ისევ შეცდომებს ხომ არ უშვებს, როცა, ექნება ამას რეკომენდაციების თუ რჩევების სახე, ქვეყნის შიდა პოლიტიკის განსაზღვრაში ამ სახით ერევა? ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში იყო განცდა, რომ ამერიკა ცდილობდა სააკაშვილისთვის ხელის დაფარებას, რაც ამ ხელისუფლებას შემოუტრიალდა ცუდად.
- როგორც ჩანს, ჩვენ აცდენილი ინფორმაციები გვაქვს. ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა რაც იყო და რაზედაც ოფიციალურად გაკეთდა განცხადებები ის იყო, რომ 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უნდა დასჯილიყო ყველა დამნაშავე, ოღონდ ამ პირების მიმართ დანაშაულის ჩადენა დოკუმენტურად უნდა ყოფილიყო დადასტურებული და სასამართლოში ამ პირებს უნდა ჰქონოდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს იყო ამერიკის ხელისუფლების პოზიცია.
რაც შეეხება სააკაშვილის დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკა და ლობისტური საქმიანობა სხვადასხვა რამაა. სააკაშვილი უზარმაზარ თანხას ხარჯავს თავისი იდეების მხარდასაჭერად. ამერიკაში, დღევანდელ დღემდე, მისი მხარდაჭერა არის ძალიან დაბალ დონეზე, მის მიმართ არანაირი პერსპექტივა არ განიხილებოდა და არ განიხილება საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. პირიქით, ამერიკის ხელისუფლების პოზიცია არის, რომ სააკაშვილი არის წარსული. სააკაშვილის მხარდამჭერად ყოველთვის გამოდიოდა „ევროპის სახალხო პარტია“ და ესეც იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პარტიის წევრია, ეს ერთი და მეორე - „ევროპის სახალხო პარტია“ არის მემარჯვენე და დღევანდელი მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ არის უფრო ევროსოციალისტების პარტიების ნაწილი. ანუ აქ იდეების, ანუ პარტიული დაპირისპირების მომენტიც არის.
- თქვენს საქმესაც შევეხოთ, ვფიქრობ, ამ ხელისუფლების პირობებშიც არანაკლებად დაზარალდით. 7 წელი ელოდით თქვენი საქმის გადახედვას, რატომ?
- არ ვიცი, ხელისგულზე იდო ყველაფერი. ჩემი საქმის პროკურორი, ირაკლი შელია, რომელმაც შეკერა მთელი საქმე, დღეს არის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე. მართალია, იგი არ არის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, მაგრამ შეუძლია საქმეზე გარკვეული გავლენა მოახდინოს. ადამიანი, რომელიც იყო პროკურატურაში სამმართველოს უფროსი (გვარი არ მახსოვს), რომლის ხელმოწერით წავიდა ჩემი საქმე სასამართლოში, ეს ადამიანი დღეს არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ის მოსამართლე, რომელმაც 9 წელი მომისაჯა, დღეს მუშაობს პროკურატურაში. ეს ხალხი არის იმ პოზიციებზე, საიდანაც შეუძლიათ რაღაცის შეფერხება, რაღაცის არგაკეთება. ეს რაც ვიცი და რაც არ ვიცი, კიდევ სხვა თემაა. დღეს რომ ჩემზე დსთ-ს ძებნა კიდევ არ არის მოხსნილი, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. სააკაშვილის დროს, ჩემზე იარაღის ფლობაზე იყო შეთითხნილი საქმე, ეს ხომ სასაცილოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ყველაფერი მართალი ეწეროს იმ საქმეში, მე ხომ პარლამენტის წევრი ვიყავი და კანონით მაქვს არა მარტო ფლობის, ტარების უფლებაც. არ შეიძლებოდა ეს საქმე არ ყოფილიყო დახურული, მაგრამ არ უნდათ დახურონ.
ჩემს ადვოკატებს პირდაპირ უთხრეს: ნუ ნერვიულობს ბატონი თემური, ეს საქმეები მას ხელს არ შეუშლისო. ეტყობა ხელმძღვანელობიდან იღებენ ასეთ მითითებას გამომძიებელი და პროკურორი და საქმე წინ არ მიდის.
- ეს ჩინოვნიკების არაპროფესიონალიზმს გინდათ მიაწეროთ თუ სხვა რამ იმალება ამის უკან?
- ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება რომ შეიცვალოს და დაბრუნდეს „ნაცმოძრაობა“, მოსთხოვენ პასუხს.
- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებაში ზის ხალხი, რომელიც მიშას დაბრუნებას ელოდება?
- მეტსაც გეტყვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, ვაშინგტონში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც მეც ვმონაწილეობდი, იყო ჩამოსული საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ძირითადად, მინისტრის მოადგილეებით დაკომპლექტებული და ეს ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას და ღიად ლაპარაკობდნენ ამაზე. მეორე დღეს, ისევ იყო ღონისძიების გაგრძელება და ეს ხალხი იქ ცხვირჩამოშვებული და ნაწყენი დადიოდა, რომ არჩევნები „ოცნებამ“ მოიგო.