logo_geo
eng_logo
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- +

2 ივნისი. 2019. 01:26

 

 

2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ გახდა. მან მადრიდში გამართულ ფინალში ანგარიშით 2:0 დაამარცხა „ტოტენჰემი“.

 

ანგარიში „ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა გახსნა. 25-ე წამზე სადიო მანეს პასის შემდეგ, ბურთი ხელში მოხვდა „ტოტენჰემის“ ნახევარმცველს მუსა სისოკოს და დაინიშნა პენალტი, რომელიც ეგვიპტელმა გამოიყენა. გოლი 1:48 წუთზე გავიდა. ეს მეორე ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში. უფრო სწრაფად 2005 წელს, „მილანისა“ და „ლივერპულის“ ფინალში პაოლო მალდინიმ გაიტანა – 50-ე წამზე.

 

სალაჰი გახდა მეხუთე აფრიკელი ფეხბურთელი რაბაჰ მაჯერის, სამუელ ეტო’ოს, დიდიე დროგბასა და სადიო მანეს შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

 

სწრაფი გოლის შემდეგ, „ლივერპულმა“ ბურთი მეტოქეს გადაულოცა და „ტოტენჰემს“ პირველ ტაიმში ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდა. მაგრამ, საბოლოოდ, მაურიციო პოჩეტინოს გუნდმა პირველი ნახევარი ერთადერთი არაზუსტი დარტყმით დაასრულა. ჰარი კეინს, რომელიც 9 აპრილის შემდეგ პირველად გამოჩნდა მინდორზე, პირველ ტაიმში 11 შეხება ჰქონდა ბურთთან – ყველაზე ნაკლები „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებს შორის.

 

„ლივერპული“ გაცილებით იოლად მიდიოდა მეტოქის საჯარიმომდე, ერთხელ რობერტსონმა სახიფათოდ დაარტყა და უგო ლორიის მოუწია მოგერიება. გარდა ამისა, „წითლებმა“ პირველ ტაიმში ექვსი კუთხური ჩააწოდეს.

 

საინტერესოა, რომ ამ სეზონში „ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 13 მატჩი ჩაატარა და ვერც ერთხელ ვერ მოიგო პირველი ტაიმი. ამ შეხვედრებში ლონდონელებმა მოიგეს ექვსი, წააგეს ოთხი და ორჯერ ფრე ითამაშეს.

 

თამაშის სურათი კარგა ხანი არც მეორე ტაიმში იცვლებოდა და „ტოტენჰემმა“ მხოლოდ მე-80 წუთიდან მოუმატა მკვეთრად თამაშს. ერთ მომენტში ალისონს ორმაგი სეივი მოუწია სონისა და ლუკას მოურას დარტყმების შემდეგ. ხუთ წუთში კი ბრაზილიელმა მეკარემ კრისტენსენის ჯარიმა მოიგერია.

 

„ტოტენჰემმა“ თავისი შანსები ვერ გამოიყენა, „ლივერპულმა“ კი პრაქტიკულად ერთადერთი რეალური შანსი მიიღო 87-ე წუთზე და შეცვლაზე შესულმა დივოკ ორიჯიმ ორამდე გაზარდა უპირატესობა, რაც პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა. ბელგიელმა კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გაიტანა მატიპის პასით.

 

„ლივერპულმა“ მეშვიდედ მოიგო ჩემპიონთა თასი, რაც მესამე შედეგია ისტორიაში. უფრო მეტი გამარჯვება „რეალსა“ (13) და „მილანს“ (7) აქვთ.

 

„ლივერპული“-„ტოტენჰემი“ 2:0

გოლები: 1:0 სალაჰი (2-პენ), 2:0 ორიჯი (87)

„ლივერპული“: ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დიიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი, ფაბინიო, ვიინალდუმი (62. მილნერი) – სალაჰი, რობერტო ფირმინო (58. ორიჯი), მანე (90. გომესი).

„ტოტენჰემი“: ლორისი – ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი – სისოკო (74. დაიერი), უინქსი (66. ლუკას მოურა) – ალი (82. ლორენტე), ერიქსენი, ჰეონ-მინ სონი – კეინი.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner