თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის გაჟონვის გამო, გზა ჩაინგრა.
როგორც BM.GE-ს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა, დატბორილია საცხოვრებელი სახლის სარდაფებიც.
მისი თქმით, ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ყველა უწყება ჩართულია პრობლემის მოწესრიგებაში.
„მგალობლიშვილის ქუჩაზე მოხდა წყლის მილის დაზიანება, რამაც გამოიწვია ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გზის ჩავარდნა, აგრეთვე დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფები. ამ წუთისთვის ყველა სამსახური მობილიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხდება წყლის ამოტუმბვა სარდაფებიდან, ასევე შლამისგან სუფთავდება მიმდინარე ქუჩები, ჩვენ უმოკლეს ვადაში ამ პრობლემას აუცილებლად აღმოვფხვრით“, - ამბობს ვასაძე.
როგორც bm.ge-ის შსს-ში განუცხადეს, გზის ჩავარდნის შედეგად, რამდენიმე მანქანა დაზიანდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამგებლის თქმით, ჯერჯერობით, უცნობია როდის დასრულდება აღდგენითი სამუშაოები.