ავტორი ლიზი ჯიხვაძე
2 ივნისს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში „პიონერფილმის“ 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „პიონერფილმის“ აღსაზრდელებმა და ხელოვანმა ადამიანებმა. გამომსვლელებმა გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადეს „პიონერფილმის“ ხელმძღვანელს გრიგოლ ჩიგოგიძეს და ის არაერთი სიურპრიზითაც გაახარეს.
ღონისძიებას საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ - როგორებიც არიან: ლადო კახაძე, ანზორ ერქომაიშვილი, მაია კახიძე, მაქს მეიერ შავიტი და ა.შ. მათ „პიონერფილმს“ 60 წლისთავი მიულოცეს და გრიგოლ ჩიგოგიძის უდიდეს ღვაწლზეც ისაუბრეს.
„ყველა პიონერფილმელს, რომელმაც აქ აიდგა ფეხი, აქ დაფრთიანდა, აი, ამ თავის ობიექტივიდან თვალსაწიერი გაშალა და სამყაროს შეხედა, ვულოცავ „პიონერფილმის“ 60 წლის იუბილეს. განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრა „პიონერფილმის“ სულისჩამდგმელს, დამაარსებელსა და ფუძემდებელს - ბატონ გრიგოლ ჩიგოგიძეს. ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი და ლაღი წლები გრიგოლ ჩიგოგიძის თვალსაწიერზე იყო დანახული. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოვედი იმ ღვაწლის აღსანიშნავად, რომელსაც ეს 60 წელი იტევს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ.
„ყველაფერი მივატოვე და წამოვედი ჩემს გრიშა მასწ-თან. მართალია უკვე ბებია, მაგრამ ჩემთვის გრიგოლ ჩიგოგიძე კვლავ გრიშა მასწ-ად რჩება. ზოგადად სასახლეში უამრავი კარგი თაობა აღიზარდა და მეც ამ თაობათაგან ერთ-ერთის წარმომადგენელი ვარ. მინდა, ბატონ გრიგოლს ყველა მიზანი აუსრულდეს და პირველ რიგში იყოს ჯანმრთელი. ვულოცავ ყველა ბავშვს, დიდს, პატარას, სასახლეს და მთელ საქართველოს „პიონერფილმის“ 60 წლისთავს“- აღნიშნა ჟურნალისტმა და პოეტმა მაია კახიძემ.
„ვულოცავ „პიონერფილმს“ ამ შესანიშნავ თარიღს. 60 წელი ძალიან ბევრია და ისეთი ნაყოფიერი მუშაობა, რაც ამ კოლექტივს აქვს ჩატარებული, ნამდვილად ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო კოლექტივის მუშაობა. მინდა, რომ დღეგრძელი იყოს ეს კოლექტივი, კიდევ უფრო მეტი წარმატებები ჰქონდეს და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა ქორეოგრაფმა ანზორ ერქომაიშვილმა.
„დიდი სიამოვნებით ვულოცავ „პიონერფილმს“ 60 წლის იუბილეს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გრიშა მასწავლებლის ღვაწლი ძალიან დიდია ამაში და ქვეყანა, რომელსაც ასეთი მასწავლებელი ჰყავს, აუცილებლად გაიმარჯვებს. გამარჯვებას ვუსურვებ ამ ქვეყანას და გამარჯვებას ვუსურვებ „პიონერფილმს“, გრიშა მასწავლებელს კი - დიდხანს სიცოცხლეს“,- აღნიშნა ბიზნესმენმა მაქს მეიერ შავიტმა.
პატარა პიონერფილმელები თავადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიების ორგანიზებასა და მიმდინარეობის პროცესში. ისინი გრიგოლ ჩიგოგიძეს არა პედაგოგად, არამედ უახლოეს მეგობრად აღიქვამენ, „პიონერფილმს“ კი - ადგილად, სადაც თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.
„პიონერფილმს“ მინდა მივულოცო დაბადების დღე, რადგან ეს ის ადგილია, სადაც მე ფეხი ავიდგი კინოს განხრით. გრიშა მასწ-მა ყველაფერი აქ მასწავლა: კამერის ხელში დაჭერა, შტატივის გაშლა, განათება... ეს არის ჩემი მეორე სახლი, ერთადერთი ადგილია, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ჩემი სახლის შემდეგ და შეიძლება მანამდეც. მე გრიშა მასწ-ს არ ვთვლი მასწავლებლად. ის არის ყველა ბავშვისთვის მეგობარი და კი არ გვასწავლის, არამედ ჩვენთან თამაშობს. ჩვენ კი ამ თამაშ-თამაშით ვსწავლობთ ყველაფერს“,- აღნიშნა პიონერფილმელმა ნიკა ზუბაშვილმა.
„2 წელია, რაც დავდივარ „პიონერფილმში“ და ძალიან მიხარია, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ. ვფიქრობ, რომ „პიონერფილმის“ დაბადების დღე ყველა ბავშვის დაბადების დღეა არამარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის გარეთაც, იქ, სადაც ბევრი იციან „პიონერფილმის“ შესახებ. „პიონერფილმს“ უფრო მეტ თაობას, უფრო მეტ ბავშვებს, უფრო მეტ იდეებს და უფრო მეტ საჩუქრებს ვუსურვებ“,- აღნიშნა „პიონერფილმის“ პრეზიდენტმა მაშო გიგილაშვილმა.
გუშინდელმა ღონისძიებამ „პიონერფილმის“ ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები მოსწავლე ახალგაზრდობაში სასახლეში გააერთიანა. მათ გაიხსენეს ბავშვობის ლამაზი წლები და მოისმინეს ისტორიები მათი საყვარელი „გრიშა მასწის“ ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ. „პიონერფილმი“ ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძის ხელმღვანელობით კიდევ დიდხანს იარსებებს და გააგრძელებს იმ მოვალეობის შესრულებას, რასაც მომავალი თაობების შემოქმედებითად აღზრდა ჰქვია.