logo_geo
eng_logo
ნესტან ლონდარიძე: მიხეილ კალანდიას დაკავება ლოგიკური იყო
- +

4 ივნისი. 2019. 17:08

 

ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას დაკავება სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების ლოგიკური გაგრძელება იყო.

 

ნესტან ლონდარიძის თქმით, პროკურატურას ​კალანდიასთვის ბრალი აქვს დასამტკიცებელი, ასევე საჭიროა საქმეში მონაწილე სხვა პირების ვინაობის დადგენა და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება.

მისივე განცხადებით, გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობისკენ.

 

ნესტან ლონდარიძის თქმით, საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქმეში, რადგან საზოგადოებას დაანახა თითოეული დარღვევა და ის საგამოძიებო ქმედება, რომელიც არ იყო დროულად ჩატარებული ან დარღვევით ჩატარდა.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით დღეს დააკავა. მას ბრალად ედება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა.

 

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გუშინ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შსს არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებს და სასამართლოს განაჩენში გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner