სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვამ 22.9 მილიარდ ლარს მიაღწია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.5 პროცენტით გადააჭარბა.
იმავე პერიოდში აღნიშნული სექტორის პროდუქციის გამოშვება 9.0 პროცენტით გაიზარდა და 9.5 მლრდ ლარი შეადგინა.
ეკონომიკის დოქტორის იოსებ არჩვაძის შეფასებით, „აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთებას საშუალებას იძლევა. კერძოდ:
ბიზნესსექტორში დასაქმებულებზე მოდიოდა საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 2/5 და დაქირავებით დასაქმებულთა 72 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალი, პოზიტიური მაჩვენებელია. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 71.8 პროცენტი - მომსახურების სექტორში, ხოლო დანარჩენი 28.2 პროცენტი ეკონომიკის რეალურ სექტორში (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა) იყო დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის რეალურ სექტორში შრომის მწარმოებლურობა 2-ჯერ და მეტად აღემატებოდა მომსახურების სექტორში დასაქმებულთა შრომის მწარმოებლურობას.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, მთლიანად, ბიზნესსექტორის წილად ქვეყნის მშპ-ის 2/3-ზე მეტი იქმნება და აღნიშნული წილი მზარდია.
„ეს ხელსაყრელი ბიზნესგარემოს, გატარებული რეფორმებისა და იმ შეღავათებს ეფუძნება, რაც ბოლო წლებში გადაიდგა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. 2013 წლის შემდეგ ეროვნულ მეურნეობაში ყოველი 4 დამატებული დაქირავებით დასაქმებულიდან 3 ბიზნესსექტორზე მოდიოდა, ხოლო იმავე პერიოდში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 35 ათასით ზრდის პირობებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა. შესაბამისად, განუხრელად იზრდება როგორც ბიზნესსექტორის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში, ისე მთლიანად საერთაშორისო მასშტაბით ქართული ეკონომიკისა და მისი წარმოებული პროდუქციის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის მხრივ“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.