logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ბიზნესის ზრდა ხელსაყრელი საქმიანი გარემოსა და გატარებული რეფორმების შედეგია
- +

4 ივნისი. 2019. 18:08

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვამ 22.9 მილიარდ ლარს მიაღწია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.5 პროცენტით გადააჭარბა.

 

იმავე პერიოდში აღნიშნული სექტორის პროდუქციის გამოშვება 9.0 პროცენტით გაიზარდა და 9.5 მლრდ ლარი შეადგინა.

 

ეკონომიკის დოქტორის იოსებ არჩვაძის შეფასებით, „აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთებას საშუალებას იძლევა. კერძოდ:

 

  1. ბიზნესსექტორის როგორც ბრუნვის, ისე მთლიანი გამოშვების ზრდის ტემპი წინ უსწრებს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ ზრდის ტემპს, ანუ ამ უკანასკნელის ფორმირებაში ბიზნესსექტორის როლი და მონაწილეობის დონე მატულობს, რაც ცალსახად პოზიტიური პროცესია;

 

  1. ბიზნესსექტორის ფორმირებაში მზარდი როლი ეკუთვნის მომსახურების სექტორს. ბოლო ერთი წლის მანძილზე მომსახურების წილი მის მთლიან ბრუნვაში გაიზარდა 74.4%-დან 79.5%-მდე, ხოლო პროდუქციის მთლიან გამოშვებაში, შესაბამისად, 52.5%-დან 55.6%-მდე;

 

  1. მართალია, ბიზნესსექტორის როგორც ბრუნვაში, ისე გამოშვებაში ჯერ კიდევ ყველაზე მაღალი წილი მსხვილ წარმოებებს უკავიათ (ბრუნვაში - 54.5%, გამოშვებაში - 41.3%), თუმცა საშუალო და მცირე ბიზნესის უფრო დინამიკური, სწრაფი განვითარების ხარჯზე მსხვილი ბიზნესის წილი თანდათან იკლებს და შესაბამისად, იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. კერძოდ, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილად მოვიდა მთელი მატების 82.2 პროცენტი, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპი 3.5-ჯერ აღემატებოდა მსხვილი ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპს, მათ შორის მხოლოდ მცირე ბიზნესისა (16.7%) – 4.5-ჯერ.

 

  1. შრომის მწარმოებლურობა (პროდუქციის გამოშვება ერთ დასაქმებულზე) მსხვილ წარმოებაში 1.4-ჯერ აღემატება წვრილი წარმოების ანალოგიურ მაჩვენებელს“.

 

ბიზნესსექტორში დასაქმებულებზე მოდიოდა საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 2/5 და დაქირავებით დასაქმებულთა 72 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალი, პოზიტიური მაჩვენებელია. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 71.8 პროცენტი - მომსახურების სექტორში, ხოლო დანარჩენი 28.2 პროცენტი ეკონომიკის რეალურ სექტორში (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა) იყო დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის რეალურ სექტორში შრომის მწარმოებლურობა 2-ჯერ და მეტად აღემატებოდა მომსახურების სექტორში დასაქმებულთა შრომის მწარმოებლურობას.

 

იოსებ არჩვაძის განცხადებით, მთლიანად, ბიზნესსექტორის წილად ქვეყნის მშპ-ის 2/3-ზე მეტი იქმნება და აღნიშნული წილი მზარდია.

 

„ეს ხელსაყრელი ბიზნესგარემოს, გატარებული რეფორმებისა და იმ შეღავათებს ეფუძნება, რაც ბოლო წლებში გადაიდგა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. 2013 წლის შემდეგ ეროვნულ მეურნეობაში ყოველი 4 დამატებული დაქირავებით დასაქმებულიდან 3 ბიზნესსექტორზე მოდიოდა, ხოლო იმავე პერიოდში დასაქმებულთა მთლიანი კონტინგენტის 35 ათასით ზრდის პირობებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა. შესაბამისად, განუხრელად იზრდება როგორც ბიზნესსექტორის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში, ისე მთლიანად საერთაშორისო მასშტაბით ქართული ეკონომიკისა და მისი წარმოებული პროდუქციის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის მხრივ“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner