ძალიან დილა მშვიდობისა!
სწორედ ამ დღეს, 1933 წლის 5 ივნისს, დაიბადა ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მართლა სახალხო - თენგიზ ჩანტლაძე...
გუშინ, მის ჩანაწერებს რომ ვუსმენდი და ახლობლების მოგონებებს ვკითხულობდი, განსაკუთრებით ვიგრძენი, როგორ დააკლდა ჩვენს ქალაქს იუმორი...ისეთი კი არა, ცირკის არენაზე ერთი ჯამბაზი მეორეს რომ სილას გააწნის ან პანღურს ამოარტყამს... მე ამაზე არასდროს არ მეცინებოდა, რადგანაც ძალით იუმორია... არც ისეთი, ზოგიერთ ანეკდოტს რომ დაჰყვება - უზომო და შეურაცხმყოფელი ქვეტექსტი... ეს ბოროტი იუმორია...
თბილისს დააკლდა დახვეწილი და კეთილი იუმორი, სიტყვა-პასუხი და გაშაირება, რაც თბილისს ასე შვენოდა და ყველასგან ანსხვავებდა, რადგანაც მასში იყო გაერთიანებული საქართველოს ყველა კუთხის ადამიანების სიხალისის და სილაღის ნიჭი...
თბილისს დააკლდა ამ იუმორის მატარებელი და ამ იუმორით შემკული ადამიანები და მათ შორის, განსაკუთრებით გამოვყოფდი ბატონ თენგიზ ჩანტლაძეს...
ძალიან მიყვარდა... ჩემი მშობლების მეგობარი იყო... გალიჩკას ხშირად სცინებდა ხოლმე მისი უკრაინული ქართულის გამო, მაგრამ დედიკოს არასდროს არ სწყინდა, რადგანაც ამ გაცინვაში იმხელა კეთილმსურველობა და სიყვარული იყო ჩაბრძანებული, რომ დალოცვას უფრო ჰგავდა...
ახლახან გავიგე, რომ, თურმე, არც ისე შორეულ წარსულში, კომიკოს მსახიობებს მეტ ხელფასს უხდიდნენ, ვიდრე ტრაგიკოსებს... რადგანაც ითვლებოდა, რომ ადამიანის ატირება უფრო ადვილია, ვიდრე მისი გაცინება...
ისე კი, რა მართალია... წარმოიდგინეთ, ხართ მშვენიერ ხასიათზე და ვიღაცამ გთხოვათ, გაითამაშოთ სევდა - გაგიჭირდებათ, მაგრამ შეძლებთ...
მაგრამ, როცა ცუდ ხასიათზე ბრძანდებით, გულწრფელი სიხარულის თამაში - უაღერსად რთულია, თითქმის შეუძლებელი...
თენგიზ ჩანტლაძეს რომ ვიხსენებ, რატომღაც სულ თვალწინ მიდგას ის მომენტი, ნიღაბს რომ მოიხსნიდა და ისეთი საყვარელი და მომხიბვლელი ღიმილი ამშვენებდა, მაგრამ თვალებში სულ სევდა ედგა...
ის საოცრად თბილი და ტკბილი კაცი იყო, გულთან ახლოს მიჰქონდა ყველაფერი, სხვისი ტკივილი სტკიოდა, სხვისი გასაჭირი უჭირდა და ალბათ, სწორედ ამიტომ აირჩია ეს პროფესია, რომ რამდენადაც შეეძლო, ყველას უმსუბუქებდა ცხოვრებას...
გუშინ რაღაცა ცოტა სევდამ ამიყოლია და ჩავრთე მისი მინიატურები...
პირველივეში, გაზეთი უკავია ხელში და კითხულობს „ნონა გაფრინდაშვილი - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, მაია ჩიბურდანიძე - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ნანა ალექსანდრია, ევროპის 3-გზის ჩემპიონი, ნინო გურიელი... ნანა იოსელიანი... მთლად უარესი“ ...
მერე გაბრაზდება და იძახის - „ ეს ნონა პირდაპირ მოსაკლავია... თვითონ ხომ გაფუჭდა და გაფუჭდა და ბოვშები რას აიყოლია. დაჩაგრეს მთელი მსოფლიო... თანაც ყველა ორჯონიკიძის რაიონში ცხოვრობს... გადანაწილდნენ მაინც“...
წარმომიდგენია, რამდენად დიდი მკრეხელობაა ამ ტექსტის დაწერა... ამის მხოლოდ თენგი ჩანტლაძისეული შესრულება უხდება, მაგრამ ვისაც ნანახი აქვს ეს მინიატურა, ცოტა მაინც ხომ გაგეღიმათ...
მისი მეგრელი მილიციის უფროსი გვარამია ხომ, საერთოდ სასწაული ვინმე იყო... თანაც, ისეთ რაღაცეებს იძახდა, რომ თენგიზის გარდა სხვას რომ ეთქვა, ალბათ ცენზურას ვერ გადაურჩებოდა...
ბატონ თენგიზს არასდროს არაფრის ეშინოდა... ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობდა, მაგრამ ლამაზად და ზომიერად, კივილ-წივილის და გაბოროტების გარეშე და ამიტომაც მაყურებლამდე ეს სიმართლე უფრო ადვილად აღწევდა...
წარმოიდგინეთ, იმ გაგანია საბჭოთა კავშირის დროს, ვინმე სხავს რომ დაეცინა საბჭოთა მილიციისთვის და სახალხოდ ეთქვა - „ამ მილიციას კიდევ სხვა მილიცია სჭირდება დასაჭერადო“, მინიმუმ სამსახურს დაკარგავდა...
ბატონ თენგიზს კი ეს გასდიოდა და უარესებიც უთქვამს სცენიდან...
იმიტომ, რომ ამ ხუმრობებში იმდენი გულისტკივილი ერია, რომ ...
„ზევითაც“ გულში ეთანხმებოდნენ და აფასებდნენ... „იქაც“ ყველა ერთნაირი კი არ იყო...
ერთხელ ბატონი თენგიზი იყო სამეგრელოში გასტროლებზე და იქ ამ დროს იმყოფებოდა საქართველოს ცკ-ს მდივანი პავლე გილაშვილი, თავისი ამალით, მათ შორის, სპეცსამსახურების წარმომადგენლების თანხლებით... წარმოგენის შემდეგ ცკ-ს დელეგაცია ასულა სცენაზე და ვიღაცას უკითხავს - „თენგიზ, არ გეშინია, რომ დაგიჭერენო.“ თენგიზსკი უპასუხია - „ვისაც დაჭერა შეგიძლიათ, ყველა აქ ხართ და არ მიჭერთ და სხვა აბა ვინ დამიჭერსო“.
თურმ,ე სამეგრელოში ბატონი თენგიზის პატივსაცემად სუფრები რომ იშლებოდა, ყველა რაიონში, მის გვერდით ჯდებოდა იმ რაიონის მილიციის უფროსი და არ ეშვებოდა ბატონ თენგიზს - „თქვენ რომ მილიციელი ითამაშეთ, პირდაპირ მე ვარო“...ბოლოს თენგიზიც პასუხობდა - „შენ ხარ, აბა ვინ ხარ“... და დადიოდა მეორე დილით მილიციის უფროსი ამაყი და მთელმა რაიონმა იცოდა, რომ სწორედ მათი მილიციის უფროსია გვარამიას პროტოტიპი... ასე თქვა ჩანტლაძემ... და ასე ყველა რაიონში...
ძალიან მიყვარს ბატონი თენგიზის მინიატურა „მესაფლავე“... გუშინ კინაღამ სიცილით მოვკვდი, რომ ვნახე... ამდენი დრო გავიდა და მაინც არ კარგავს აქტუალობას...
ისე კი, სიცილით სიკვდილს რაც შეეხება... ბატონი თენგიზის მინიატურების თეატრის შენობის წინ, წარმოდგენების მსვლელობისას, ოფიციალურად მორიგეობდა სასწრაფო დახმარების მანქანა... საბედნიეროდ, არასდროს გამხდარა საჭირო... ალბათ, ჯანმრთელი სიცილისგან არავინ ხდება ცუდად, თორემ ჯანმრთელს ხომ არ დაუძახენდნენ მაშინ.
ძალიან მიყვარს ბატონი თენგიზის ლუარსაბ თათქარიძე... ზუსტად ისეთია, ბავშვობიდან რომ წარმომედგინა - ნამეტანი მუქთხორა და მაინც უსაყვარლესი...
ბატონ თენგიზს საოცარი მშობლები ჰყავდა, რა თქმა უნდა შესანიშნავი იუმორის გრძნობით დაჯილდოებულები... დედა დიასახლისი იყო, მამა კი აკადემიკოსი და ამავე დროს, უბადლო თამადა... თანაც თამადობას ისე ახერხებდა, რომ ერთ ჭიქა ღვინოზე მეტი არასდროს დაულევია... მათი ოჯახი გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით...
ერთხელ, ელოდებოდნენ სტუმრებს და მამამ 6 წლის თენგიზი მათ დასახვედრად გაუშვა... ზის და ელოდება მეგობრებს... მათი ხმები კი უკვე დერეფნიდან ისმის... გავიდა დრო და არავინ რომ არ შემოვიდა ოთახში, თენგიზის მამას გაუხედავს და თურმე, სტუმრები არ მოსულან - პატარა თენგიზი საუბრობდა მათ მაგივრად, თანაც ხმებითაც ბაძავდა.
ბატონ თენგიზს თავისი მიბაძვის ნიჭი გამოადგა მეგობრის გადასარჩენადაც, რომელსაც რიცხავდნენ უმაღლესიდან... მას სახელად ნიკიტა ერქვა... თენგიზმა მოახერხა მეორე მეგობრის მეშვეობით, რომლის დედაც ალაგებდა ვასილ მჟავანაძის კაბინეტს, „ვერტუშკა“ სამთავრობო ტელეფონთან მიღწევა. გადაურეკა მჟავანაძის სახელით რექტორს და მიმიხედეო ნიკიტას...
სავარაუდოდ, მჟავანაძისგან ზარის მიღების შემდეგ, რექტორმა დაასკვნა, რომ მისი სტუდენტი ნიკიტა, იყო ნიკიტა ხრუშჩოვის უკანონო შვილი და სწავლის ბოლომდე თავზე ევლებოდა.
ბატონ თენგიზს კიდევ ერთი საოცარი ნიჭი ჰქონდა - მეგობრობის... ის ყველას ედგა გვერდში და ამხნევებდა. შემდეგ კი, ეზოში რაღაცა ფაცხა ააშენა და ყველა მიიწვია საქეიფოდ...
ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებდა, რომ ურჩია თენგიზს, ამ ფაცხისთვის დაერქვა „ძმობა“ და შემდეგ ქეიფზე, ფაცხას მართლაც ამშვენებდა ჭედური ჭადრის ფოთოლი, შესაბამისი წარწერით...
ბატონი ჯანსუღი თენგიზ ჩანტლაძეს ეძახდა - „ქართველ რაინდს“ და ამბობდა, რომ ის ყველაფერში განსაკუთრებული და გამორჩეული იყო - როგორც მსახიობი, როგორც შვილი, როგორც მეგობარი, როგორც მეუღლე...
ბატონი თენგიზის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის მეუღლეს, არაჩვეულებრივ ქალბატონ ზაირას...
თენგიზი მას ხუმრობით ეძახდა „მონაპოვარს“ ანუ მის „მონასა“ და „პოვარს“... მათ გვერდიგვერდ ლამაზი, საინტერესო და მდიდარი ცხოვრება გაიარეს...
პირველ პაემანზე ბატონ თენგიზს ზაირასთვის უჩუქებია ორი სათამაშო იხვის ჭუჭული, რომელსაც ქალბატონი ზაირა ცალკე ინახავდა, როგორც ყველაზე ძვირფას ნივთს... ისე კი, როგორც ყველა ნამდვილ ქალბატონს, სამკაულები უყვარდა...
ერთხელ, ოდესაში ერთ ძალიან ლამაზ ბეჭედს დაადგა თვალი, მაგრამ თენგიზმა უთხრა: ოღონდ ახლა ეს არ მაყიდინო. ფულს ვერ დავხარჯავ, საჩუქრები მაქვს ჩასატანიო... და ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი უყიდა ბავშვთა სახლში გაზრდილ ბიჭს, რომელიც სცენის მუშად მუშაობდა... არც კარისკაცი გამორჩენია და არც დამლაგებელი...
ქალბატონ ზაირას კი იმ ბეჭედზე გული არც დაწყვეტია... ასეთი იყო მისი თენგიზი და ასეთი უყვარდა...
ბატონ თენგიზს ჰყვარებია ძაღლები და ყველას ერთსა და იმავე სახელს არქმევდა - ჯულბარსს. ერთი - მეზობელმა მოუწამლა - ბევრს ყეფსო, მეორე - მილიციის სკოლაში დაჰყავდა და მისი დიპლომის აღება მეგობრებთან ერთად აღნიშნა... ჰყავდა მსახიობი ჯულბარსიც... სპექტაკლში შეჰყავდა. სწორედ ბოლო ჯულბარსის ფოტო ეკიდა კაბინეტში... ერთხელ მოხუცებულმა დედამ შორიდან ვერ გაარჩია, რა ფოტო იყო კედელზე და მიამიტად იკითხა: „ეს შენი რა ნიღაბიაო.“... თენგიზი მომკვდარა სიცილით, „ნიღაბი კი არა, ჯულბარსიაო“...
ბატონი თენგიზის გარდაცვალების შემდეგ, - მას სცენაზე გაუჩერდა გული - მისი ჯულბარსი წყალსაც კი არ გაკარებია...
გუშინ პირველად გამოვითვალე - რა ახალგაზრდა წასულა ბატონი თენგიზი ჩვენგან, სულ 55 წლის...
დღეს მე უკვე ასაკში გავუსწარი...
რეჟისორმა კახა კახნიაშვილმა ძალიან სწორად ბრძანა - „თენგიზ ჩანტლაძე იყო როგორც კომეტა... ჩაიქროლა და გაანათა ყველაფერი ... თვითონ კი ჩაიფერფლა“...
მე მორიდებით დავამატებდი - თუ გაანათა, ესე იგი, ტყუილად არ ჩაფერფლილა...
მოდით, ჩვენც კომეტებამდე თუ ვერ გავიზრდებით, ერთი ციალი ციცინათელას ხელა განათება ხომ მაინც შეგვიძლია და გავანათოთ...
თუ ერთი ციცინათელა - ძალიან ცოტაა, ბევრი ციცინათელა - ხომ ძალიან ბევრია...