logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ეს რეალობა იგრძნო!
- +

31 მაისი. 2016. 00:47


„მედიამ მთელი დღე ივანიშვილის წერილის ანალიზს დაუთმო, რაც სწორია, რადგან ეს წერილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტია, რაც მე მახსოვს", - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა 2030-ში.


"წერილში ძალიან ბევრი ღრმა პასაჟია. ტექსტი ყოველგვარი შაბლონებისგან თავისუფალია და ავტორი ყველაფრის არგუმენტაციას ცდილობს. საკითხებს შორის გადასვლა ლოგიკურია. ამ წერილში ივანიშვილი ცდილობს, მკითხველს ლოგიკით ესაუბროს და არა ლოზუნგებით", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


მისი თქმით,  2012 წლის არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკიდან გასვლის წერტილი არ არის. ეს პარტია აკრძალული მეთოდებით იბრძვის და შესაძლოა, პოლიტიკაში შემოვიდეს.


"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ეს რეალობა იგრძნო. ფაქტია, რომ ივანიშვილმა  ოპონენტების გადათვლა და მათთან დავა არ დაიწყო. გამოჰყო მხოლოდ ერთი ჯგუფი - ნაციონალური მოძრაობა და მთელს მოსახლეობას განუცხადა, რომ ამ ჯგუფის ხელისუფლებაში აღდგენა არ შეიძლება, რადგან ამ ჯგუფს კრიმინალური თვალსაზრისით, მძიმე წარსული ჰქონდა, ეს ძალა  დემოკრატიასა და ქართულ ხასიათს ღალატობს და სურს, თავისუფლების მოყვარული ხალხი რკინის ხელში მოაქციოს", - განაცხადა პოლიტოლოგმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ წერილის მეორე ნაწილში ავტორი შეეცადა, „ქართული ოცნების" საქმიანობა მარტივი ენით გასაგები გაეხადა.


"სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ხალხს სათანადო ინფორმაცია არ აქვს, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში და ივანიშვილი შეეცადა, „ქართული ოცნების" საქმიანობა მარტივი ენით გასაგები გაეხადა. მან თქვა, რომ  დიალოგი გაგრძელდება, ექნება ინტერვიუები და შეხვედრები. იმისთვის, რომ საზოგადოებასთან გზავნილები დაბალანსდეს, საჭიროა, რასაც საზოგადოება ფიქრობს, პასუხი გაეცეს. სასურველია, მეტი ყურადღება დაეთმოს იმას, თუ რა ვერ შეძლოქართულმა ოცნებამ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


მისი თქმით, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, ივანიშვილმა წერილში რეალისტური ინტონაცია შემოიტანა.


"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა არ დაიწყო ძახილი, ევროსტრუქტურებში ხვალ-ზეგ გავწევრიანდებითო. გარდა ამისა, სასიამოვნო იყო იმ ხასიათის გამოკვეთა, რომ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანს შეუძლია, ეროვნული სიმები ასე ააჟღეროს. შეუძლებელია, ავტორიტარიზმის რკინის ხელი შეეხოს იმ ხალხს, რომელმაც თავისი ღირებულებებისა და თავისუფლების დაცვისთვის ყველაფერს გაუძლო და ევროპაში იგივე სულისკვეთებით უნდა მივიდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner