„ბიძინა ივანიშვილის წერილი დროული და ძალიან საინტერესო იყო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც რეალობის აპოკალიფსურად წარმოდგენილი სურათი არ აკმაყოფილებს და სიღრმისეული ანალიზი უნდა", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში.
"ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელი იყო. მან ძალიან ბევრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა აიღო და ეს წერილი, მისი მხრიდან საზოგადოებისთვის წარდგენილი ანგარიში იყო, რაც მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირებაა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, დღეს ქვეყანას მშვიდი, მაღალი პოლიტიკური კულტურის, დაბალანსებული პოლიტიკა სჭირდება.
"ბიძინა ივანიშვილი მის წერილში ამაზეც საუბრობს. ჩვენ რეგიონში მეზობლების მიმართ დამოკიდებულება შევცვალეთ. იმ ქვეყანასთან, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, ისეთი გაუგებარი ენით არ ვსაუბრობთ, რასაც არაფრის მოტანა არ შეუძლია", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
"ასოცირებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში ასეთ დასკვნასა და მწვანე შუქს არავინ მოგვცემდა, რომ არა იმ მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მოკლე დროში შევძელით", - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, საზოგადოებაში არცერთ პოლიტიკურ ძალას და ლიდერს არ ექნება სანდოობა, ვინც იტყვის, რომ წარსულსა და დღევანდელ დღეს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ იდეალურები არ ვართ. გვაქვს ბევრი შეცდომა და ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ უნდა შევადაროთ, დღეს რა ტენდენცია, მოტივაცია და დინამიკაა. ჩვენ მდგომარეობა ყველა მიმართულებით გავაუმჯობესეთ და საქართველო რეგიონში ყველა პარამეტრით ლიდერადაა აღიარებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.