logo_geo
eng_logo
კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს
- +

5 ივნისი. 2019. 16:39

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, საკრებულოს შუალედური არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის 31 მარტიდან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგი 21 სამაუწყებლო არხს და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინა საარჩევნო რეკლამას, წინა საარჩევნო დებატებს, ახალ ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინა საარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებსა და გამოკითხვებს აკვირდებოდა.

 

მონიტორინგის პროცესში დეტალური ანალიზი განხორციელდა სამაუწყებლო კომპანიებში წინა საარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში, ყურადღება გამახვილდა სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. დაკვირვების საგანი ასევე, მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება იყო, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში.

 

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ რამდენიმე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს.

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების მსგავსად, აქტუალურია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტრირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც არ ემსახურებოდა მათივე კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ. აღნიშნული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ სხვა საარჩევნო სუბიექტების არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს ათავსებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმ კანონებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროცესების ზედამხედველობას ახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დისკრიმინაციულია რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ. კომისიას მიაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტრირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო რეკლამის ამგვარი გამოყენება არღვევს სამართლიანობის პრინციპს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. კერძოდ, სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით მინიჭებული 3 საათში ერთხელ არაუმეტეს 90 წამის ნაცვლად, სხვა კანდიდატებთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი დრო ეთმობოდათ.

 

კვლავ აქტუალურია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდის თემა. მაუწყებელმა უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ სამ საათში 7,5 წუთს შეადგენდა, პირველ ეტაპზე 9 წუთამდე, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირას 12 წუთამდე გაზარდა. აღნიშნული გაზრდილი ლიმიტების გამოყენება ხორციელდებოდა რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ ისე, რომ საკუთარ უფასო სარეკლამო დროს სხვა საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების არჩევის ხელშეწყობისთვის მიმართავდა. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის. გარდა ამისა, საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდამ, შესაძლოა გამოიწვიოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით - რეგიონალურ მაუწყებლებზე.

 

წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს კანონმდებლობის მოთხოვნებს ახსენებს და მოუწოდებს მათ, რომ  უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაანაწილონ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.

 

წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების საკითხიც. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის გამო, კომისიამ ხუთ მედია ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა. საქმე ეხება 17 მაისს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დაკვეთით „IPSOS S.A.“-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, რითაც მედია ორგანიზაციებმა დაარღვიეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას კრძალავს.

 

აქტუალური რჩება წინასაარჩევნო დებატების საკითხი. საანგარიშო პერიოდის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მთელ რიგ მაუწყებლებს ან არ განუთავსებიათ წინასაარჩევნო დებატები ან მათ მიერ განთავსებულ დებატების პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. წინასაარჩევნო დებატების განთავსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, კომისიამ მაუწყებლებს შესაბამისი ახსნა–განმარტებების წარმოდგენის მიზნით მიმართა. მაუწყებლებისაგან მიღებული პასუხების შესწავლის შემდგომ კომისია გაატარებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

 

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

http://gncc.ge/uploads/other/3/3729.pdf

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner