logo_geo
eng_logo
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს
- +

5 ივნისი. 2019. 17:17

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, ირაკლი ბერაიას, და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს.

 

კანონპროექტი მიზნად ისახავს, შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების მარეგულირებელი კანონმდებლობა, იგი გახდეს თანმიმდევრული და განჭვრეტადი, ამ მოთხოვნათა დარღვევისთვის დადგინდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვროს მის აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო და აღსრულების ეფექტური მექანიზმები

 

„წარმოგიდგენთ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის სივრცის მოწყობის საკითხებს და იმ არსებული ხარვეზების მოგვარებას, რომელიც დღეს კანონმდებლობაშია და განსაკუთრებით, აღსრულების მექანიზმებში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა წარმომადგენელ ორგანიზაციებთან, საევე, სახალხო დამცველის ოფისთან და სახელისუფლებო უწყებებთან და ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალი შევიმუშავეთ ერთობლივად“,- განაცხადა მომხსენებელმა, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

 

მომხსენებელმა განმარტა, რომ  ცვლილების შედეგად, საქართველოს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს“ დაემატება ახალი ნორმა, რომელიც დაადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის. კანონპროექტის მიხედვით ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით.

 

კანონის პროექტი ასევე ადგენს, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო ადგენს წერილობით მითითებას და ავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება არანაკლებ 30 დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

 

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების მიზანია არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შესაძლებლობების არგათვალისწინება სამშენებლო პროცესის დროს და მსგავსი მოცემულობის არსებობისას, გაჩნდეს შესაძლებლობა მისი გამოსწორების.

რაც შეეხება სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის 3 ივნისიდან, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. შესაბამისად, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმეს აწარმოებენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები.

 

მომხსენებელმა პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა.

 

სხდომაზე  საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის, ლევან კობერიძის და გიორგი ხატიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ს კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად განიხილეს.

 

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, კანონის პროექტის მიღების მიზანია ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისთვის შესაფერისი უსაფრთხო და საიმედო გარემოს უზრუნველყოფა ერთის მხრივ, ადამიანის და მეორეს მხრივ - ცხოველთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით.

 

კანონპროექტი არეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს და აწესებს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს.

 

კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს, დააწესებს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათი გადაადგილებისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვებ სტანდარტებს, პატრონთა ვალდებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ასევე, დარეგულირდება ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, მოკვდინების (ევთანაზია) და კომერციული მოშენება-გამოყენებისა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner