პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით გაიმართა სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს ეძღვნება.
კონფერენცია გახსნა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ, რომელმაც საქართველო - ევროპის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე მოკლე ისტორიული ექსკურსი შესთავაზა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.
„დღევანდელი კონფერენციის მასშტაბები, ახალგაზრდების დაინტერესება იმის იმედს მაძლევს, რომ საქართველო აბსოლუტურად სწორ გზაზე დგას, შესაძლოა ერთგვარი შეფერხებებით მიდის საქართველო, მაგრამ მიდის სწორი მიზნისაკენ და მიდის სწორი გზით. თვითონ აღმოსავლეთის პარტნიორობა მნიშვნელოვან დროს შეიქმნა და ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო განსაკუთრებით საჭიროებდა თავისი მეგობრების მხრიდან პოლიტიკურ ეკონომიკურ და მორალურ მხარდაჭერას, მხედველობაში მაქვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. მზადება იმისა რომ ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ, უკვე ამ ეტაპზევე დაწყებულია და მინდა სიამოვნებით დავაფიქსირო, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის, მთლიანად ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერია. დამერწმუნეთ საქართველო ძალიან მალე, სწორედ თქვენი თაობის, ვგულისხმობ ახალგაზრდებს, დახმარებით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში ჩადგება. ჩვენი ნიჭიერება, ჩვენი მდებარეობა, ჩვენი ბუნება იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველო ერთობ წარმატებული ქვეყანა იყოს“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
როგორც სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, ევროპასთან ურთიერთობა, მის ღირებულებებთან დაახლოება, საუკუნეების წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.
„უკვე საკმაოდ დიდი წარმატებები გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. ქართველები ნელ-ნელა ვიმკვიდრებთ ადგილს ეკონომიკურ ბაზარზე, რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, შედარება არ არის იმასთან, რაც 20-25 წლის წინ იყო, ადამიანის უფლების დაცვის სფეროშიც საქართველო საკმაოდ წინ წავიდა, ხელისუფლების განწყობა და ხალხის განწყობა ერთია - ჩვენ ევროპელები ვართ, ევროპული კულტურის მატარებლები ვართ, კარგად ვიცით ჩვენი ისტორია და ამ ისტორიის ფარგლებში ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო: ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც აღმოსავლეთის პარტნიორობა ისახავს მიზნად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ენერგოუსაფრთხოების მოწესრიგება და სხვა.
„ენერგომომარაგების უსაფრთხოების ზრდაზე, ენერგოეფექტურობაზე“ ისაუბრა ირაკლი გაბელიამ, პროფესორ შოთა დოღონაძის გამოსვლა დაეთმო თემას „გზა ევროპისაკენ“, „აღმოსავლეთ პარტნიორობა - მიღწევები, გამოწვევები“ - ამ საკითხებზე ისაუბრა პროფესორმა თათია დოლიძემ, „უფრო ძლიერი მმართველობა - ინსტიტუტების გაძლიერება და სათანადო მმართველობის“ საკითხებს დაეთმო პროფესორ გოჩა ოჩიგავას მოხსენება, უსაფრთხოებაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაში ისაუბრა საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსმა, მეცნიერებათა დოქტორმა ბესიკ ობოლაძემ.
კონფერენციაზე გამომსვლელთა რამდენიმე მოხსენება ერთ საერთო თემას მიეძღვნა - „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“. პროფესორმა მაია ბენიამ, საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტმა რამაზ თავართქილაძემ, პროფესორმა ამირან აფციაურმა, პროფესორმა რატი აბულაძემ ისაუბრეს სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებაზე, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის პოტენციალის ხელშეწყობაზე - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის როლსა და მნიშვნელობაზე.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ თემის ფარგლებში კონფერენციაზე მოხსენებები ასევე წარმოადგინეს სტუდენტებმა ირინა მიქავამ, ნათია ბლაგიძემ და ლევან სიჭინავამ.
გამოსვლებს ლაიტმოტივად გასდევდა ის ფაქტი, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა გუშინ არ დაწყებულა, რომ ჩვენი წარსულიც ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან ჩვენი ერი მზადაა უფრო დიდი ნაბიჯებით იაროს წინ.
„ამ ათმა წელმა გვიჩვენა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. როგორც აქ აღინიშნა, ბოლო წლებში ჩვენი პროდუქციის ექსპორტის 35%-იანი მატება ცოტა არაა, შესაძლებლობები დიდია როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ენერგოტევადი პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით, ასევე წარმატებული შეიძლება ვიყოთ ინოვაციების სფეროშიც. ეს შესაძლებლობები დღეს ახალგაზრდების ხელშია“, - განაცხადა კონფერენციის შედეგების შეჯამებისას სიმონ ნოზაძემ და ფრაქციის სახელით, სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.
დასასრულ, კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.