logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: „ოქროს სია“ აქამდეც უნდა გაუქმებულიყო
- +

6 ივნისი. 2019. 11:27

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე „ოქროს სიის“ გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ კომენტარს აკეთებს და ფაქტს დადებითად აფასებს.

 

მისი განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პირველ ეტაპზე შესაძლოა სირთულეები მოჰყვეს, თუმცა საერთო ჯამში, ეს ბიზნესზე უარყოფითად არ აისახება.

 

„მიმაჩნია, რომ ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი, მათ შორის სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა მცირდება 30-დღის ნაცვლად 5 დღემდე, არა მგონია, კომპანიები Cash Flow-ში „გაიჭედონ“ და ეს უარყოფითად აისახოს ბიზნეს ოპერაციებზე, რაზეც კეთდება აქცენტები ბიზნესმენების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან; გასაგებია, რომ ბიზნესს სჭირდება თანხები საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. პირველ ეტაპზე გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესს შეიძლება შეექმნას, საბრუნავი თანხის შემცირებით, მაგრამ ამ მოდელზეა აწყობილი დღეს მთელი ევროპა“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

მისივე თქმით, ბიზნესებს ცვლილებასთან მოსარგებად საკმარისი დრო ექნებათ.

 

„აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის რეგულაციები ისედაც გვავალდებულებს ამ სახის ახალი რეგულაციის და ეკონომიკური ოპერატორის ცნების შემოღებას, რომელიც წმინდა კონკურენტუნარიანობის პრინციპზე იქნება აგებული. ბუნებრივია, ბიზნეს მოდელების გადაწყობა კომპანიებს მოუწევთ, მაგრამ ახლა კომუნიკაციის და ინფორმაციის ნაკლებობაზე აქცენტირებაც გადაჭარბებულია. ვფიქრობ, მათ ამისათვის აქვთ საკმარისი დრო მიცემული. კერძოდ, ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, ხოლო სხვა შემთხვევაში გამოქვეყნებიდან სულაც 30-ე დღეს“, - განმარტავს ექსპერტი.

 

ექსპერტი ფიქრობს, რომ „ოქროს სიის“ გაუქმება ბაზარზე ყველასთვის თანაბარ, კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის.

 

„ასევე არა მგონია, დღეს ამ „ოქროს სიას“ რაიმე დიდი შეღავათი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით კომპანიებს შეეძლოთ პროდუქციის შემოტანიდან 30 დღის ვადაში გადაეხადათ აქციზის სრული ღირებულება, რადგან საბაჟო და საგადასახადო რეფორმის, მათ შორის ციფროვიზაციის ელემენტების ფართოდ დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად არის გამარტივებული საბაჟოზე გაფორმების პროცედურა. ამასთან, ოქროს სიაში შემავალ 217 კომპანიას ისედაც ეძლევათ უფლება, საბაჟო გაფორმება ჩაატარონ თავის საწყობებში და მათ წინასწარ მითითებულ ადგილებზე.

 

მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულიც კი არის და კარგი იქნებოდა, ცოტა ადრეც გაუქმებულიყო.

 

რაც შეეხება აქამდე არსებულ მოდელს და 5-დღიან შეღავათებს. ფაქტია, რომ არსებული 5-დღიანი შეღავათებით ისარგებლა ათეულობით არაკეთილსინდისიერმა გადამხდელმა, რომლებიც აფუძნებდნენ რა ახალ ე.წ. ერთჯერად კომპანიებს, დღგ-ს აღარ იხდიდნენ.

 

მიმაჩნია, რომ ამ ახალ მოდელს, რომელიც ეფუძნება რა ევროკავშირის პრაქტიკას, აქვს მთავარი - ყველა სახის გადამხდელი უნდა იყოს ჩაყენებული თანაბარ და კონკურენტუნარიან პირობებში, და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება. ნიშანდობლივია, რომ ეს პრინციპი ისედაც არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner