თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში ბრალდებული ფ.მ. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა ფ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,4367 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ასევე უკანონოდ გაასაღა პ.კ.-ზე.
სამართალდამცველებმა ფ.მ. 2018 წლის 13 ივლისს ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.