საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეუძლებელს და კონსპირაციულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მთავარ პროკურორს ჰქონდეს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში.
„ვფიქრობ, ყველა იურისტმა იცის საქართველოში, ევროპაში და ამერიკაშიც, რომ უზენაეს სასამართლოში კარიერა და უზენაესი სასამართლოს წევრობა ეს არის იურისტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოზიცია და მიღწევა. შესაბამისად, თუ მთავარი პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს ამ კონკურსში - ეს ნორმალურია, იურისტის პროფესიიდან გამომდინარეც და რაციონალურადაც. მე ამაში ვერაფერს ვხედავ შეუძლებელს და კონსპირაციულს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ტვ პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ .
მისი თქმით, ეს მაჩვენებელია იმ სხვაობისა, თუ როგორი სახელმწიფო გვქონდა და როგორი სახელმწიფო გვაქვს დღეს.
„ეს პირიქით მიუთითებს, რომ მთავარი პროკურორი, რომელიც წარსულში, წინა ხელისუფლების პირობებში, ხშირ შემთხვევაში იყო მონსტრი და მას არასდროს თავის ძალაუფლება არ ეთმობოდა, დღეს არის ისეთი მთავარი პროკურორი, რომელსაც ჯანსაღად, სხვა 143 მოქალაქესთან ერთად, სურს, გაიაროს კონკურსის პროცესი. მე ვფიქრობ, ეს აჩვენებს უკვე განსხვავებას, თუ როგორი სახელმწიფო გვქონდა და როგორი სახელმწიფო გვაქვს დღეს“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
არჩილ თალაკვაძემ ასევე ისაუბრა სასამართლოსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე. მისი თქმით, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ქვეყანას რეგულაციები წლების განმავლობაში არ ჰქონდა.
„თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ვენეციის კომისიის დასკვნა, სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ. სხვათა შორის, საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობს, ქვეყანას არ ჰქონია რეგულაცია, არც შერჩევის პროცესი, დამტკიცების და კანდიდატურების განხილვის პროცესი არსად კანონში არ იყო დარეგულირებული. ჩვეულებრივად პრეზიდენტი წარადგენდა კანდიდატურებს და პარლამენტი ამტკიცებდა კანდიდატურებს.
უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამ ეთერში ვამბობთ, რომ ძალისხმევა რაღაცას დასჭირდაო შედეგის მიღწევასო. ე.ი. ძალისხმევა ამ ქვეყანაში მუშაობს, ხომ? ძალიან კარგი, ესაა შედეგი, ქვეყანა წინ არის წასული ე.ი. ძალისხმევებს აქვს შედეგი. თქვენ თუ თვლით, რომ რაღაცაში მართალი ხართ, თუ თვლით, რომ კანონია მისაღები, თუ თვლით, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა უნდა მოახდინოთ, ეს ძალისხმევები თუ მუშაობს, ე.ი. დღეს ქვეყანა არის უკეთესი. სრულყოფილი არ არის ეს სახელმწიფო, ისევე როგორც არცერთი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, 2012 წელი იყო იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, მოახერხა პროცესების ჩამოყალიბება და პარტიის შექმნა და ბრძოლის წარმართვა იმგვარად, რომ წინა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო, ამისთვის მომზადებულები იყვნენ, უსისხლოდ, ყოველგვარი რევოლუციის და დაპირისპირების გარეშე გაუშვა სახლში.