„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ორჯერ შესთავაზა 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, რაზეც უარი თქვეს, ახლა დისკუსიის გახსნა აზრს მოკლებულია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ორჯერ შესთავაზა 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება. ერთხელ ეს მოხდა 2016 წელს, როდესაც დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო. მაშინ პოზიციამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. მეორედ ეს იყო 2017 წელს, როდესაც უკვე მე ვიყავი პარლამენტისა და ასევე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. შევთავაზეთ 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის ამოქმედება და ოპოზიციამ უარი თქვა. ასეთ დროს ახალი პროცესის დაწყება, რა თქმა უნდა, არის აზრს მოკლებული. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმაზე, რაც გავიარეთ ამ წლების განმავლობაში. მათ დახურეს დისკუსია და ახლა დისკუსიის გახსნა არის აზრს მოკლებული“,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
კითხვაზე, ახლა რატომ დაიწყეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე საუბარი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მათ ბოლო არჩევნებში წააგეს“.
„წაგებულები არიან. წააგეს ბოლო არჩევნები. ახლა დიდ იმედებს ამყარებენ ამ არჩევნებზე. უნდათ, რომ გაააქტუალურონ საკუთარი თავი და ასეთ დროს ბუნებრივია, იწყებენ ახალ პოლიტიკურ პროცესებს, თუმცა ეს ახალი პროცესიც ბუნებრივია, განწირულია მათი წარუმატებლობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ასევე ითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიც ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.