ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ანაკლიისა და ფოთის პორტთან დაკავშირებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
არჩვაძის თქმით, აქ მთავარია, ბიზნეს-ჯგუფების ინტერესებმა „მძევლად“ არ აიყვანოს სახელმწიფო და არ მოახვიოს მას საკუთარი ვიწრო, კორპორაციული ინტერესები. ამის საფრთხე კი აშკარად გამოიკვეთა ბოლო დროს ანაკლიისა და ფოთის პორტთან განვითარებულ მოვლენებში:
„ის იყო, დასრულდა „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმესეზონიანი საგა, რომ ქართველ საზოგადოებას ახალი ინტრიგა და მძაფრსიუჟეტიანი მოვლენა დაუდგა წინ. ცნობილ ქართველ მწერალს, გრიგოლ აბაშიძეს თავის ერთ-ერთ საუკეთესო რომანში „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ ხატოვნად აქვს ნათქვამი, რომ ზღვის პირას მცხოვრები ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე თავის ისტორიას ზღვასთან ზურგით მდგარი ქმნიდაო. ამას თავისი ახსნა და გარემოებები აქვს, რაც სულ სხვა საუბრის თემაა. გლობალიზაციამ, საზღვრების გახსნილობამ, ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მთელი სიგრძე-სიგანით დააყენეს საქართველოს საზღვაო აკვატორიის ინტენსიური და ეფექტიანი გამოყენების საკითხი - უკვე არსებულის და დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე - ახლის მშენებლობის. ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საჭიროა სახელმწიფოს ერთიანი ნება, ერთიანი პოლიტიკის გატარება, რადგანაც საქმე ეხება არა მარტო მრავალმილიონიანი პროექტების რეალიზაციას, არამედ ქვეყნის მყარ და სოლიდურ ადგილს მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობებსა და ტვირთბრუნვაში. ბუნებრივია, აღნიშნული არაა მხოლოდ სახელმწიფოს ამოცანა. იგი ბიზნესის აქტიურ თანამონაწილეობასაც გულისხმობს. აქ მთავარია, ბიზნეს-ჯგუფების ინტერესებმა „მძევლად“ არ აიყვანოს სახელმწიფო და არ მოახვიოს მას საკუთარი ვიწრო, კორპორაციული ინტერესები. ამის საფრთხე კი აშკარად გამოიკვეთა ბოლო დროს ანაკლიისა და ფოთის პორტთან განვითარებულ მოვლენებში.
საჯარო მოხელე, რა თანამდებობაც ეკავოს, უნდა აპელირებდეს და მოქმედებდეს სახელმწიფოს გრძელვადიანი, სტრატეგიული ინტერესებით. როდესაც ის ამ თანამდებობაზე პროტექციით, რომელიმე ბიზნეს-ჯგუფის ლობისტების რეკომენდაციებით ინიშნება, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, შესაბამისობაშია მისი ლობისტების ინტერესებთან. აღნიშნულ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას სკანდალურ თემებზე „მონადირე“ გაზეთი „პრაიმტაიმი“, რომლითაც ირკვევა, რომ თურმე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას დანიშვნა ფოთის პორტზე ორიენტირებული ბიზნეს-ჯგუფის ინტერესებში იჯდა.
რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, ფოთის პორტის ყველანაირი განვითარება ხელს შეუწყობს, მაქსიმუმ, ამ პორტის არსებობის შენარჩუნებას, მაშინ როდესაც ანაკლიის პორტის განვითარება - ქმნის სტრატეგიულ პლაცდარმს საქართველოს გავლით მსხვილი ტვირთბრუნვის უზრუნველსაყოფად და როგორც ასეთი, მასზე მიბმული მრავალმილიარდიანი ინფრასტრუქტურით და ლოგისტიკით საქართველოს ეკონომიკური პარტნიორებისა და პოლიტიკური მოკავშირეების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღებისა და პროტექციის ობიექტად აქცევს. ამ მხრივ, ანაკლიის პორტის მნიშვნელობა საქართველოს დაცულობისა და მდგრადი განვითარებისათვის შეუფასებელია.
თუ რამდენად პასუხობს ყოველივე ეს რუსეთის ინტერესებს, რომლის ნოვოროსიისკის პორტს ანაკლიის პორტის სახით სერიოზული და თანაბარწონადი კონკურენტი უჩნდება შავ ზღვაზე, ამაზე საერთაშორისო ვაჭრობასა და საზღვაო სამართალთან შორს მყოფი ადამიანებისთვისაც კი ნათელი წარმოსადგენია.
ვფიქრობ, რუსეთიდან მოწვეულ და ანაკლიის პორტის კონკურენტ ბიზნეს-ჯგუფის პროტექციით ხელისუფლებში მოხვედრილ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რბილად რომ ვთქვათ, ანაკლიის პორტის პერსპექტივები გულზე არ დაეხატებოდა და შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები, რაც „პრაიმ ტაიმის“ ზემოხსენებულ სტატიაში დეტალურადაა აღწერილი, ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ, ნიჰილისტურ დამოკიდებულებას გამოხატავდა, რეალურად კი, პრემიერის ზურგს უკან ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხის პრაქტიკულ მოგვარებას ახორციელებდა.
ამავე დროს, საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ანაკლიის პორტზე მომუშავე ბიზნეს-ჯგუფი, შესაბამისი კონსორციუმი მხოლოდ პატრიოტული მოტივებით მოქმედებდა და საკუთარ ეკონომიკურ სარგებელზე არ ფიქრობდა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა, რამეთუ ამგვარი დამოკიდებულება იმანენტურად არ ჯდება ბიზნესის ქცევის მოტივაციაში. უბრალოდ, სახელმწიფოსა და ანაკლიის კონსორციუმის ინტერესების თემატურ თანხვედრას ჰქონდა (და აქვს) ადგილი.
ეკონომიკის ახლი მინისტრის ნათია თურნავას მიერ გაუქმდა ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი. თუმცა, მანამდე ფოთის პორტის „ეიპიემ ტერმინალის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას აქვს ადგილი, ანაკლიის კონსორციუმის ნერვული რეაქცია მოყვა და თავისი საქმიანობისთვის ხელისუფლების მხრიდან მორიგ ხელშემშლელ გარემოებად დასახელდა.
ფრანგ მჭევრმეტყველსა და მემუარისტს ლაროშფუკოს აქვს მაქსიმა, რომელითაც, თუ რაინდის ახლობელი ორი ბანოვანი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზითაც კი ერთმანეთს გაებუტება, ეს საფრთხეს უქმნის რაინდს, რამეთუ მან შეიძლება ამ ბანოვანთაგან სულ ცოტა ერთ-ერთის კეთილგანწყობა დაკარგოს.
არც „ეიპიემ ტერმინალი“ და არც „ანაკლიის კონსორციუმი“ ის „ბანოვნები“ არ არიან, რომ სახელმწიფომ მათ სუბიექტური დამოკიდებულებით, თუნდაც ეკონომიკის მინისტრის დონეზე, მოახდინოს მათთვის სასურველი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ პასუხობს საქვეყნო ინტერესებს. მათი რეაქცია, თითქმის სინქრონში გაკეთებული განცხადებები ბაგირის საკუთარ მხარეს გადაჭიმვის სურვილზე არანაკლებად ატარებენ აგრეთვე „თემატური სოლიდარობის“ ნიშანსაც. მაგრამ, მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ნებისმიერი პროექტის კონტრაქტორები შეიძლება „მოვიდნენ“ და „წავიდნენ“, ისევე როგორც ნებისმიერი პირი - მინისტრის თანამდებობაზე. სახელმწიფო გრძელვადიანი ინტერესები კი რჩება და თანდათან ხორცს ისხამს“, - წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.