logo_geo
eng_logo
გიგი წერეთელი: ქმედითი საპარლამენტო ზედამხედველობა ეფექტურ მმართველობას უზრუნველყოფს
- +

6 ივნისი. 2019. 16:46

 

საქართველოს პარლამენტი თემაზე: „საპარლამენტო ზედამხედველობა: მთავრობისგან ანგარიშვალდებულების მოთხოვნა“ ორდღიან რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის დელეგატები - შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელი პირები, ექსპერტები და საელჩოს თანამშრომლები საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტებზე და მექანიზმებზე მოხსენებებს გაეცნობიან და დისკუსიებს გამართავენ.

 

რეგიონული კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორის, ინგიბიორგ სოლმურ გისლადოტირის ვიდეომიმართვით გაიხსნა, რომლის შემდეგაც პარლამენტის წევრმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა XXI საუკუნის დემოკრატიულ საზოგადოებაში საპარლამენტო ზედამხედველობის როლის მნიშვნელობაზე მოხსენება წარმოადგინა.

 

გიგი წერეთელმა, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ეუთო-ს ფორმატში განხორციელებულ საზედამხედველო საქმიანობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული პარლამენტების მიერ ორგანიზაციას საპარლამენტო კონტროლის შესახებ ინფორმაციები მუდმივად მიეწოდება. მისივე ინფორმაციით, ეუთო სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის საზღვრის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს და ეკოლოგიის საკითხები მონიტორინგს ახორციელებს და საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, შესაბამისი მხარდამჭერი ჯგუფები მუშაობს. გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 57 ქვეყანას აერთიანებს, რაც თავის მხრივ, საპარლამენტო ზედამხედველობის 57 განსხვავებულ სისტემას და მიდგომას ნიშნავს და 21-ე საუკუნეში, როდესაც თანამედროვე სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია, რომ არსებული პრობლემების მოგვარება ერთობლივი ძალისხმევით განხორცილდეს.

 

„მე და ჩემი კოლეგები ვალდებულნი ვართ, თავად ვიყოთ ანგარიშვალდებულნი ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ ეფექტური საპარლამენტო კონტროლი უნდა განვახორციელოთ და პარლამენტი არ უნდა გახდეს მთავრობის ნოტარიუსი. ჩვენ გვჭირდება მკაცრი კონტროლი და ეფექტური ზედამხედველობა, რაც კარგ მმართველობას განაპირობებს. ზედამხედველობის პროცესი შეიძლება მთავრობისთვის გამაღიზიანებელი იყო, თუმცა გრძელვადიან პერიოდში იგი ეფექტურ შედეგს მოიტანს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

მოხსენების შემდეგ ღონისძიების  მონაწილეებმა საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტებზე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მოქმედი მოდელები წარმოადგინეს. დისკუსიის რეჟიმში არაერთი მიდგომა და კონტროლის სისტემა იქნა განხილული. კონფერენციის დელეგატებმა საკითხის მომხსენებელს, პარლამენტის წევრს, გიგი წერეთელს საინტერესო მოხსენების წარდგენისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner