logo_geo
eng_logo
BLACK Sea Arena - რაშია პროექტის უნიკალურობა და რა ღონისძიებებით გაიხსნება დარბაზი?
- +

31 მაისი. 2016. 03:29


ურეკის მახლობლად, შეკვეთილში, მშენებარე საკონცერტო დარბაზი BLACK Sea Arena დაახლოებით თვენახევარში გაიხსნება. ივლისის შუა რიცხვებიდან გახსნის მასშტაბური ცერემონიალის შემდეგ დარბაზში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.


საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდი "ქართუ"-ს ინიციატივით დაიწყო. პროექტში 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.


დეტალურად შეკვეთილში მდებარე დარბაზის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემა „საათის თემაში" BLACK Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ ისაუბრა:

 

- საკმაოდ მასშტაბური სივრცეა შეკვეთილში მოწყობილი. რამდენი მაყურებლის მიღება შეეძლება საკონცერტო დარბაზს და ძირითადად რა ტიპის ღონისძიებებს უმასპინძლებს?


- ვიხსნებით ივლისში, მანამდე რამდენიმე საცდელი კონცერტი გვექნება, რომელზე დასწრებაც იქნება თავისუფალი. ამ ეტაპზე ვერ ვამხელთ გახსნის პროგრამას. ამ საკითხზე მალე პრესკონფერენცია გვექნება და მოსახლეობას ამის შესახებ ვაცნობებთ. საკონცერტო დარბაზი ზაფხულისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, უხვი ნალექის პირობებში შენობას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ სახურავი დაიხუროს და გაიხსნას. რაც შეეხება აუდიტორიას, მუდმივი დამონტაჟებული სკამი არის 7 ათასამდე, ხოლო პარტერში დაახლოებით 3 ათასი ადგილია, თუმცა, ადგილების ეს რაოდენობა დამოკიდებულია არტისტის მოთხოვნასა და ღონისძიების სპეციფიკაზე.


დარბაზი არ არის გათვლილი მხოლოდ საკონცერტო ღონისძიებებზე, აქ არის შესაძლებელი სპორტული ღონისძიების მოწყობა, როგორიცაა ბოქსი, მინიკალათბურთი, ფიგურული სრიალი და ა.შ. შესაძლებელია, ცირკის მოწყობაც.


- რატომ გადაწყდა ამ მასშტაბის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა შეკვეთილში, სადაც ჯერჯერობით არ არის განვითარებული სხვა სახის ინფრასტრუქტურა? თუ საკონცერტო დარბაზი აქტიურად იმუშავებს, ეს ნიშნავს, რომ ადგილზე მეტი სასტუმრო უნდა აშენდეს, რათა ტურისტს დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდეს...


- მიზეზი არის ძალიან მარტივი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ბევრი ტურისტული დანიშნულების ადგილი, სადაც ჩამოსული ტურისტები შეძლებენ დრო გაატარონ სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის საკონცერტო დარბაზში. ამ პროექტის მიზანია, განავითაროს მიმდებარე ტერიტორია, რომ შემდგომ ეს ბიზნესები მოემსახურონ ტურისტებს, საუბარია ბარ-რესტორნებზე, სასტუმროებზე და სხვა გასართობ ინფრასტრუქტურაზე.


სახელმწიფო პროექტის Check In Georgia-ს ფარგლებში გამოჩნდა, რომ არაერთი ქვეყნის წარმომადგენელმა შეიძინა ბილეთი ამ ღონისძიებებზე დასასწრებად. ჩვენ გვინდა, რომ ტურისტი მხოლოდ კონცერტზე კი არ ჩამოვიდეს და წავიდეს უკან, არამედ დარჩეს სასტუმროში, დაგეგმოს ვიზიტი და მოინახულოს სხვა ღირსშესანიშნაობებიც.


- როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში მიაღწევს ეს პროექტი მიზანს, რომ ტურისტებისა და ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველ ადგილად იქცეს და ინფრასტრუქტურა განვითრდეს? როდის გახდება არენა მომგებიანი?


- ციფრებში დაზუსტებულად რამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად, შეკვეთილში შენდება ახალი სასტუმრო Black Sea Resorts-ი, რომელიც მიიღებს ბევრ ტურისტს. ეს იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის აუზიც ზღვაში შედის დაახლოებით 10 მეტრით. ამ არენისა და სასტუმროს საქმიანი ურთიერთობა უნდა იყოს მაგალითი სხვა ბიზნესებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ინფრასტრუქტურა არსებობდეს საკონცერტო დარბაზის ირგვლივ. ჩემი აზრით, კერძო სექტორს უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ მოიწვიოს ინვესტორები და შესთავაზონ მათ სხვადასხვა პროექტი. აქ უნდა აშენდეს სასტუმროები, რესტორნები. მე მაგალითად, ნამყოფი ვარ სიდნეიში, ოპერა ჰაუსში და იქ შეიძლება კვირების განმავლობაში არანაირი კონცერტი არ ჩატარდეს, მაგრამ იმდენად განვითარებულია ბარებისა და რესტორნების ინფრასტრუქტურა, რომ ხალხი ისეთ პერიოდშიც სტუმრობს, როცა აქტივობები არ არის დაგეგმილი. არენამაც უნდა შეძლოს, რომ პრესტიჟულობის თავისი ნიშა დაიკავოს და ბიზნესს მის გარშემო განვითარების საშუალება მისცეს.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკონცერტო დარბაზთან არის ევკალიპტების უნიკალური ბაღი, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება, რომ ოჯახებთან ერთად დაისვენონ ვიზიტორებმა და შემდეგ უკვე არენას ეწვიონ ამა თუ იმ ღონისძიებაზე.


- მაინც როგორი იქნებოდა თქვენი პროგნოზი ვადებთან დაკავშირებით? რამდენ ხანში განვითარდება ინფრასტრუქტურა საკონცერტო დარბაზის გარშემო?

 

- ეს ექსპერტმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა შეაფასონ, მაგრამ ჩემი გათვლებით, 4-დან 7-წლამდე ვადაში უნდა მოხდეს 80% ინფრასტრუქტურის მოწყობა.


გარდა სასტუმროებისა და გასართობი დაწესებულებისა, სხვა ტიპის ინფრასტრუქტურც უნდა მოეწყოს. წყალმომარაგების გაყვანა ადგილზე უკვე მიმდინარეობს. აქ არსებულ ობიექტებს არ უნდა უწევდეთ წყლის ამოტუმბვა სპეციალური ჭაბურღილებიდან, გზები უნდა დაიგოს აუცილებლად. რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა ისედაც მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც სასტუმროების მშენებლობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ დიდ, 200-საწოლიან დასასვენებელ სახლებს მაინც. დარწმუნებული ვარ ეს პროცესები დაიწყება, როგორც კი პირველი რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება არენაში.



წყარო: http://bit.ly/1Rza4H9




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner