შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით, ახალციხეში ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
სპეციალურად მოწვეული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან გაიმართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზაფხულო სეზონთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდის პრევენციის საშუალებებს. დაისახა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რითაც შესაძლებელი გახდება, ტყის ხანძრების გაჩენის რისკების თავიდან არიდება. სტრუქტურებს მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ ერთმანეთთან და მონიტორინგს გაუწევენ რეგიონის მასშტაბით არსებულ მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.