გარდაბნის მუნიციპალიტეტში წუხელ ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც გარდაბნის მცხოვრებლები ამბობენ, ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სახეები ისე ჰქონდათ დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), საქმეში არ ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს გარდაბანში პატარა ბიზნესი ჰქონდათ, თუმცა თავდამსხმელებს სახლში ხელი არაფრისთვის უხლიათ. ახლობლები ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას განიხილავენ.
გარდაცვლილების ვაჟი რუსეთში ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მკვლელობის ადგილზე კედლებზე წარწერები დატოვეს, სადაც მოკლულების ვაჟს უხმობენ: „დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით“.