საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ „გლობალ ფაინენს“ („Global Finance“) საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, „გლობალ ფაინენსმა“ („Global Finance“) საქართველო იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნულ ჯგუფში საქართველო არის მოწინავე ევროპის ქვეყნებს შორის.
„გლობალ ფაინენსი“ აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით.
„გლობალ ფაინენსის“ შეფასებით, გლობალური სავაჭრო დაძაბულობისა და შიდა პრობლემების გამო 2018 წელი მრავალი ეკონომიკისთვის გარდამავალი წელი აღმოჩნდა ვალუტების მერყეობის, სასაქონლო ფასების კლებისა და ინვესტორთა ნდობის შემცირების თვალსაზრისით. გამოცემის შეფასებით, ამ ფონზე საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხასიათდებიან შთამბეჭდავი ზრდითა და ინვესტორებისგან მზარდი ინტერესით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, „გლობალ ფაინენსი“ საქართველოს აღწერს როგორც ქვეყანას, რომელიც ხასიათდება ბიზნესგარემოს სწრაფი გაუმჯობესებით, მაღალი ზრდითა და ძლიერი კავშირებით ევროკავშირთან.
აღნიშნული შეფასებისთვის „გლობალ ფაინენსი“ („Global Finance“) ეყრდნობა შემდეგ წყაროებს: „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ ( IMF) – მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა (WEO), 2018 წლის ოქტომბერი; UNCTAD – მსოფლიო საინვესტიციო ანგარიში, 2018 წლის ივნისი; „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ (WORLD ECONOMIC FORUM) – გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში, 2018 წელი; „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ( TRANSPARENCY INTERNATIONAL) – კორუფციის აღქმის ინდექსი, 2018 წელი; „მსოფლიო ბანკი“ (WORLD BANK) – ბიზნესის კეთების სიმარტივე, 2019 წელი.