logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ასეთი შეფასებები ქმნის შესაძლებლობას, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით
- +

10 ივნისი. 2019. 12:03

 

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ კომენტარი გააკეთა ავტორიტეტული გამოცემის „Global Finance“-ის მიერ საქართველოს შეფასების შესახებ.

 

„Global Finance“-მა ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყნად მოიხსენია.

 

ოთარ ანგურიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო გამოცემები დადებით შეფასებებს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. მისი თქმით, ასეთი შეფასებები ქმნის შესაძლებლობას, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით, რაც ქმნის მეტი ეკონომიკური დოვლათის შექმნის შესაძლებლობას.

 

„განხორციელებული საგადასახადო რეფორმები, რომლითაც საქართველო გახდა რეგიონში ყველაზე ლიბერალური და დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა, იძლევა შესაძლებლობებს, რომ უფრო მეტი პოზიტიური გარდაქმნა მოხდეს და გაუმჯობესდეს ქვეყნის სოციალური მდგომარეობა“, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, დღეს საქართველო თავისი საინვესტიციო გარემოთი საკმაოდ მიმზიდველია არა მხოლოდ ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებმაც ზუსტად იციან, რაში ჩადონ ფული, არამედ ფინანსური ინვესტორებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თანხის განთავსება, აინტერესებთ და მოსწონთ საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველოს მთავრობისგან მოელიან კონკრეტულ პაკეტებს, კონკრეტულ შეთავაზებებს.

 

„არსებული პოლიტიკა მიმართულია, განხორციელდეს უფრო ეფექტიანი და კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც გამოიხატება უფრო სწრაფ, გამჭვირვალე და ეფექტურ გადაწყვეტილებებში ინვესტორებთან და ბიზნესებთან მიმართებაში“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

 

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ „Global Finance“-მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა. გამოცემამ საქართველო მოიხსენია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნული ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროპის ქვეყნებს შორის.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner