logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ბიზნესის კეთების მიხედვით რეიტინგული გაუმჯობესება უკვე მატერიალური რესურსია
- +

10 ივნისი. 2019. 12:24

 

„Global finance“-ის შეფასებები საერთაშორისო რეიტინგებს ეფუძნება, სადაც საქართველო წამყვან, ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს“, - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა იოსებ არჩვაძემ.

 

„გამოცემა ყურადღებას ამახვილებს სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე, პოზიტიურ ბიზნესკლიმატზე, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობასა და მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე“, - აცხადებს არჩვაძე.

 

მისი თქმით, აღნიშნული შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა.

 

საერთაშორისო გამოცემა „Global Finance Magazine“ საქართველოს შეფასებისას დაეყრდნო ისეთ ავტორიტეტულ რეიტინგებსა და კვლევებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ კონკურენტუნარიანობის ანგარიში, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი და სხვ.

 

იოსებ არჩვაძის განცხადებით, აღნიშნული შეფასება - ესაა სერიოზული გზავნილი ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესაქტიურობის გაფართოებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად.

 

მისი თქმით, ლიბერალური და დაბალი საგადასახადო განაკვეთები, სტაბილური და მუდმივად გაუმჯობესებად რეჟიმში მყოფი ბიზნესგარემო სულ უფრო ზრდის საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევის პერსპექტივას, თანაც არა მხოლოდ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო კუთხით, არამედ ფინანსური ასპექტითაც.

 

„უცხოური ფინანსური კაპიტალის დაინტერესება უკვე სცდება საქართველოს ეკონომიკის მასშტაბებს და ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებით ქმნის სერიოზულ პლაცდარმს მის მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოებში აქტიური მოქმედებისთვის“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ „Global Finance“-მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა. გამოცემამ საქართველო მოიხსენია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნული ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროპის ქვეყნებს შორის.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner