ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესგაერთიანების „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა, რომლებიც, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ. ნათია თურნავასთან ერთად, მათ შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი პასუხობდნენ.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ეკონომიკის სამინისტროს უახლოეს პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე. შეხვედრის მონაწილე საქმიანი ქალბატონები განსაკუთრებით დააინტერესა სამინისტროს პროაქტიულმა საინვესტიციო პოლიტიკამ, რომელიც პოტენციური ინვესტორების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურებას ითვალისწინებს. ასევე ყურადღება გამახვილდა ბიზნეს სახლის პროექტზე, რომელიც ბიზნესისთვის სახელმწიფო სერვისების ვირტუალურ მიწოდებას გულისხმობს.
მინისტრის მხრიდან გაკეთებული მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, ნათია თურნავამ დარბაზის შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა კომუნიკაციის გაღრმავებას ისეთ ბიზნესორგანიზაციებთან, როგორიცაა „ქალები მომავლისთვის“, სადაც კომპანიების მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერი, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ქალები არიან გაერთიანებული.
„ქალები საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალას წარმოადგენენ. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ბიზნესი. ასევე მოვუყევით ახალი ინიციატივების შესახებ, მათ შორის, რას ვგეგმავთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ადგილობრივი ქართული წარმოების ხელშეწყობისთვის. ასეთი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.