„ქალბატონო თინა, ცხოვრებაში სიძულვილი ვერ გაგამარჯვებინებს. ამას იმიტომ გეუბნები, რომ ცხოვრებაში არ დაიღუპო“,- ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას მიმართა.
უმრავლესობის დეპუტატმა პარლამენტში კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადებები და მათ შორის გამართული სიტყვიერი დაპირისპირება დაგმო.
„მე არ მინდა ჩავერთო დებატებში, რომელიც სიძულვილით არის გაჟღენთილი. მე არ მინდა ჩავერთო დისკუსიაში, სადაც აგრესიული ფორმით გამოხატული აზრის სიმწვავით ვიწონებთ თავს და არა მისი სისწორით.
მე უნდა მოვითმინო გიგა ბოკერია ამ პარლამენტში იმიტომ, რომ ამომრჩეველმა გადაწყვიტა, ის აქ იჯდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი უზრდელობის ზღვარზე გამოთქმული ფრაზები მე მომწონს. შესაბამისად, ბატონო თავმჯდომარევ, არ ვიცი, რა უნდა მივიღოთ ამ პარლამენტში, რომ ჩემი ან სხვისი გამოსვლა ჩაჯდეს ეთიკურ საზღვრებში.
თინა ბოკუჩავას რამდენიც არ უნდა უთხრა, ის მაინც ვეღარ შეიცვლება. ის ამ სიძულვილით არის გაჟღენთილი. ქალბატონო თინა, ეს სიძულვილი ვერ გაგამარჯვებინებთ, სიყვარული გაგამარჯვებინებთ ცხოვრებაში. ამას, არა ჭკუის დამრიგებლის, არამედ იმის გამო გეუბნები თინა, რომ ცხოვრებაში არ დაიღუპო. ცხოვრებაში სიძულვილით გამარჯვებას ვერ მიაღწევ,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს გიგა ბოკერია და გია ვოლსკი დაუპირისპირდნენ. სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი გუნდი არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებაში დაადანაშაულა. გიორგი ვოლსკიმ გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მისგან განსხვავებით, „ბევრი პატრიოტია ამ ქვეყანაში, რომელსაც მამაკაცი ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია“.